გალაკტიონის წერილი ოლია ოკუჯავას

ოლია!

მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება…

სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. Mმე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდაჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.

მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში… როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.

აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:
ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.

შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც…
უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.
როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.
რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?
შადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.
ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?
დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. შაწყალი დედა! Iგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო… რამდენი ხანია კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან… თითქმის ოთხი წელიწადნახევარია.
ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონდა მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. Eეგ კი იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდესმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელ ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! Uკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა…
რა უნდა ვქნა ეხლა?
სადაა საშველი გზა?
მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?
ასეა საქმეები, ჩემო ოლია……
იყავი კარგად……

მშვიდობით, მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე.
ქ. ქუთაისი
6 იანვარი, 1914 წ.

კომენტარი