სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს გზებზე ცვლილებებია

საქართველოს ქალაქის და სოფლების შიდა გზებზე საავტომობილო მოძრაობისას, ღვედების შეკვრის ვალდებულება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აქამდე, ღვედის ტარების ვალდებულება, ავტომობილის მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, მხოლოდ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე ევალებოდათ, ახლა იგი სავალდებულო ხდება ნებისმიერ ქუჩაზე გადაადგილებისას. ამ წესის დარღვევა 40 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. სოფლებთან მიმართებაში დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმა, მხოლოდ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება.
ამასთან ერთად გადაწყდა, რომ ქუჩის დაგვიანებისთვის ფეხით მოსიარულეებიც დაჯარიმდებიან.

აღნიშნული ინიციატივა, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენისას წამოაყენეს. კანონპროექტის პირველი ვარიანტი, რომელიც ჯარიმას მხოლოდ ავტომობილიდან ნარჩენების გადმოყრისთვის ითვალისწინებდა, ჯარიმად 200 ლარს განსაზღვრავდა, თუმცა, უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რომ ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე შემცირდეს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კანონში არ უნდა იყოს ჩადებული ჯარიმის ისეთი ოდენობა, რომელიც კორუფციის რისკს შექმნის. პირველ ჯერზე ნაგვის გადაყრა 50 ლარით დაჯარიმდება, ქმედების გამეორების შემთხვევაში კი, სანქცია 200 ლარამდე ავა.

10 ნოემბრიდან დაბურული მინებიც აიკრძალება. საქარე მინის დაბურვა აკრძალულია, მანქანის კარის მინების დაბურვა კი ნებადართულია, მხოლოდ 40 პროცენტით. გათვალისწინებული იყო, რომ შეზღუდვა 30 პროცენტიან დაბურვაზე დაწესდებოდა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა და შეზღუდვების ზედა ზღვარი 40 პროცენტამდე გაიზარდა. უკანა საქარე მინის დაბურვის დონეს კი, თავად ავტომანქანის მფლობელი განსაზღვრავს. ურჩ მძღოლებს 50 ლარიანი ჯარიმა ელოდებათ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 1 ნოემბრიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის შემცირება იგეგმება. ხაზები, რომლებზეც მოთხოვნა არაა, უქმდება. კონკრეტულად რომელ მარშრუტებს შეეხება შემცირება, დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100