IFC ხელს უწყობს ბანკ "რესპუბლიკას” გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა საქართველოში

საქართველო, თბილისი, 6 სექტემბერი, 2013-საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ბანკ "რესპუბლიკას”, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრს, გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება და პროდუქტები საქართველოში.

IFC ბანკ "რესპუბლიკას” გამოუყოფს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10 წლიან სესხს, რაც ხელს შეუწყობს ბანკს იპოთეკური დაკრედიტების პროგრამის გაფართოებაში. ეს ინვესტიცია საქართველოში მაღალიხარისხიან საცხოვრებელ სახლებზე მზარდი მოთხოვნის დააკმაყოფილებასა და იპოთეკური ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ბანკი "რესპუბლიკა”, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და დინამიური ბანკია, უკვე დიდი ხანია იპოთეკურ სესხებს სთავაზობს თავის კლიენტებს,” განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის” გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა. "ეს ახალი ხელშეკრულება IFC-სთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია, საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს გავუადვილოთ უძრავი ქონების შეძენა და ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით ისარგებლონ.”

მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების შეძენა განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. იპოთეკური სესხების პროგრამები ხელს უწყობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ დაფინანსება ხშირად შეზღუდულია. IFC მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში უფრო ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი საფინანსო რესურსი.

"გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა ხშირად არც თუ ისე ადვილია,” განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა. "ეს გრძალვადიანი სესხი IFC-ის მიერ საქართველოს საბანკო სექტორის სისტემური მხარდაჭერის ნაწილია. პროექტი იპოთეკურ სესხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ბევრი მსესხებლის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.”

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში 656 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. IFC-ის ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC–ის საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

IFC-ის შესახებ

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში. 2013 ფინანსურ წელს, ჩვენმა ინვესტიციებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენმა საქმიანობამ ხელი შეუწყო კერძო სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org

კომენტარი