სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გვაქვს საქართველოში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი?

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ბრალდებული, ხოლო მის მფლობელობაში არსებული კომპანიები დაყადაღებულია, ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრობს და იმ აუცილებელ პირობებს განმარტავს, რომელთა შესრულებაც აღნიშნული დაბრკოლებების გადასალახად არის საჭირო:

„მე ჯერ კიდევ 10 თვის წინ ვპროგნოზირებდი საბიუჯეტო კრიზისს. ბიზნესი უნდა უსმენდეს კანონს და სახემწიფო უნდა უსმენდეს ბიზნესს და ეხმარებოდეს არსებული პრობლემების აღმოფხვრაში. მთავარია ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ რატომ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ეს იმიტომ ხდება, რომ იმპორტი მეტია, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ წარმოება არ ფუნქციონირებს ადგილზე. საქართველოში არსებობს ნედლეული, რომლითაც შეიძლება შეიქმნას წარმოება. სანამ ამით არ დაკავდება ხელისუფლება და მიზეზის გასაღებს არ იპოვის, მანამდე ჩვენ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა?“, - აღნიშნავს ჩოჩელი.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბიზნესი წარმოებით არ ინტერესდება და მათი ორიენტირი სწრაფი მოგებაა, წლებზე გათვლილი მოგება კი, გარკვეული მიზეზების გამო, მათი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს:

„ბიზნესმენები არ ინტერესდებიან წარმოებით, ურჩევნიათ გააკეთონ ისეთი ობიექტი, სადაც ფულის ბრუნვა სწრაფია და ამონაგები შეიძლება ორი თვის შემდეგ უკვე მიიღონ. „ზედაზენის“ ქარხანაზე რომ ვისაუბროთ, 80 მილიონია ქარხანაში ჩადებული, 5 წელი აქედან არავითარი მოგება არ შეიძლება იყოს, სახელმწიფო კი ამ წლების განმავლობაში მიიღებს 200 მილიონს.

სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება. ქვეყანაში უამრავი ნედლეული გვაქვს, აქ წარმოებული პროდუქცია სავაჭრო ბალანსში ორმაგად აისახება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას ვთავაზობდი სხვადასხვა პროექტებს და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესებას. ახალი ხელისუფლებაც რომ დაინტერესდეს წარმოების განვითარებით, 5-6 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 500-600 მილიონი დოლარის ექვივალენტი მოვიგოთ. ამ ყოველივეს უბრალოდ მონდომება და გარისკვა სჭირდება. სანამ ჩვენ არ მივალთ იქამდე, რომ ბიზნესი დავაინტერესოთ, წარმოება გააკეთოს, მანამდე ბიზნესმენი არჩევანს გააკეთებს იმაზე, რომ პროდუქცია შემოიტანოს უცხოეთიდან. ასე კი ქვეყანა არ განვითარდება. თუ ხელისუფლების მენტალობაში პრინციპული ცვლილება არ მოხდა, მანამდე არაფერი არ გამოვა“, - განმარტავს ბიზნესმენი.

ჩოჩელის განცხადებით საქართველოს ერთ-ერთი ხსნა ევროპა და ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობაა. ბიზნესმენი თვლის, რომ ევროპაში შესაბამისი პროდუქცია თავის დროზე რომ გასულიყო, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა:

„ერთ-ერთი ჩვენი ხსნა არის ევროპა. დღეს როდესაც რუსეთის ბაზარზეა საუბარი, ანალოგიური პროდუქცია თავის დროზე რომ გაგვეტანა ევროპაში, უკეთესად ვიქნებოდით წარმოდგენილნი. თუ ამ მიმართულებით იმუშავებენ ქართული კომპანიები, მიაღწევენ კიდეც წარმატებას. ჩვენ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე სხვებს. გვაქვს ყოველგვარი პირობა იმისთვის, რომ შევქმნათ მაღალხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოს მივაწვდით. თუ საკუთარი თავის განვითარებაზე არ ვიმუშავებთ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, ამისთვის კი ხელისუფლების სწორი მიდგომაა ბიზნესისსადმი საჭირო. სახელმწიფოს პრიორიტეტებში უნდა შევიყვანოთ ისეთი წარმოებები, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და სახელწიფოს ფაქტობრივად 100 პროცენტიან მოგებას მოუტანს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში მაქსიმუმ 2-3 წელიწადში წარმოების წარმატებაა შესაძლებელი. წარმატებულ წარმოებას, წლის განმავლობაში ბიუჯეტში მინიმუმ 10 მილიონი ლარი მაინც უნდა შექონდეს.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ინვესტორები და შემომტანები უფრო კარგ პირობებში არიან, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესი. ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეაფასოს სიტუაცია.

ქვეყანას უკეთდება რეკლამა, რომ ბიზნესის აწყობა მარტივია, ეს ხალხიც მოდის და სიტუაციას აფასებენ ადგილზე, ნელ-ნელა კი უცხოური ბიზნესი ინერტული ხდება. მეეჭვება, თუ ადგილობრივი მეწარმეები შესაბამის პირობებში არ იქნებიან, უცხოელმა ინვესტორებმა რაიმე მასშტაბური ბიზნესი წამოიწყონ“, - აღნიშნავს ჩოჩელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100