სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2014 წელს 2.3 მილიონ ლარს გამოყოფს

თბილისი, 12 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს წარადგინა ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების 2014 წლის პრიორიტეტები. მომავალ წელს საქართველოს ბანკი, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში“ ორი მილიონ 150,000 ლარს გადარიცხავს, რომლიდანაც ერთი მილიონი ლარი შშმ ბავშვებს, 150,000 ლარი გარემოს დაცვას, ერთი მილიონი კი საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება.

შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ 2014 წელს საგრანტო კონკურსებს გამოაცხადებს. გრანტის მიღება შშმ პირების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სხვა შესაბამის დაწესებულებებს შეეძლებათ. გრანტის სახით გამოყოფილი თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ინტეგრაციაზე მიმართულ პროექტებს. საქართველოს ბანკი ასევე მოახდენს საკუთარი სერვისცენტრების ადაპტაციას შშმ პირებისთვის. საწყის ეტაპზე საქართველოს ბანკის თბილისის 14 საკვანძო სერვისცენტრი აღიჭურვება პანდუსებითა და ელექტროკარით, რისთვისაც ბანკი დამატებით გამოყოფს 180,000 ლარს. მომავალში მოხდება საქართველოს მასშტაბით 100–მდე სერვისცენტრის ადაპტაციაც.

განათლების მიმართულებით „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ განახორციელებს რამდენიმე პროგრამას, მათ შორისაა: მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრის დაარსება, ბიზნესინკუბატორის შექმნა და სტიპენდიების გაცემა.

მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრში, საქართველოს ბანკის მომხმარებლები – ფიზიკური და იურიდიული პირები, სრულიად უსასყიდლოდ გაივლიან სპეციალურ კურსს ფინანსების მართვის საფუძვლებში. კურსის მოსმენის შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ფინანსური რისკების მინიმიზაციას და საფინანსო დაწესებულებასთან გრძელვადიანი, მომგებიანი უერთიერთობის აგებას. წლის განმავლობაში კურსს გაივლის 1,000 მომხმარებელი.

ბიზნესინკუბატორის პროგრამა იდეებით აღსავსე და მოტივირებული პიროვნებების ხელშეწყობას გულისხმობს. ბიზნესინკუბატორის დაარსების მიზანია, შესაძლებლობა მიცეს ადამიანებს დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ პროფესიონალურ კონსულტაციას და შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ კონტაქტი ბიზნეს წრეებთან. ისინი ასევე იმუშავებენ ბიზნესგეგმის შექმნაზე. საუკეთესო იდეების ავტორებისთვის გათვალისწინებულია გრანტების გაცემა.

სასწავლო გრანტებისა და სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში დაფუძნდება „საქართველოს ბანკის“ სახელობის სტიპენდიები სტუდენტებისთვის.

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ–ერთ პრიორიტეტად რჩება გარემოს დაცვა. ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდიდან“ 150,000 ლარი მოხმარდება ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდაჭერას, რასაც ბანკი უკვე ოთხი წელია უწყვეტად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ 2008 წელს დაარსდა. ფონდის პრიორიტეტების გადახედვა პერიოდულად ხდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური სოციალური თემების მოცვა.

საკონტაქტო პირი:

ხათუნა კაკაბაძე

მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

საქართველოს ბანკი

(8 32) 2 444 444 *3252

(5 99) 206 246 [email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100