ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია სახალხო დამცველს შეხვდა

სახალხო დამცველის ოფისში, საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ უჩა ნანუაშვილი, ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები ნათია კაციტაძე და მაია ლიპარტელიანი. „ტრას ელექტრიკა ჯორჯიას“ მხრიდან შეხვედრას დაესწრო კომპანიის დირექტორი პაატა წერეთელი, ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ასათიანი.

„ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. ხუდონჰესის საკითხის შესწავლით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მისი მთავარი ამოცანაა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და სწორედ ამ მიმართულებით ეცნობიან აღნიშნულ საკითხს - "მოსახლეობის შეშფოთება, ბუნებრივია, საფუძველს მოკლებული არ არის. ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ხაიშელების უფლებები. ჩემთვის მთავარია იმის დეტალურად დადგენა, ხუდონჰესის აშენება და ამ მშენებლობიდან გამომდინარე ცვლილებები რამდენად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. ფაქტია, რომ ბევრი საკითხია მოსამზადებელი და ხელისუფლება კარგად უნდა მოემზადოს ამისთვის".

ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ოფისს მიაწოდეს ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების, მიმდინარე პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ. ინფორმაცია 3 000 გვერდიან დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, რომელშიც 1 000 გვერდი განსახლების გეგმას ეხებოდა.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები, მხარეების გადაწყვეტილებით მომავალშიც გაიმართება. კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან.

კომენტარი