„სიპი“-ს ინიციატივა: 2014 წელი „შაჰ დენიზის“ და „ხუდონის“ პროექტების წლად გამოაცხადდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“-ს თავმჯდომარემ ლევან კალანდაძემ მთავრობას წინადადებით მიმართა, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, „შაჰ დენიზი-2“-ის და „ხუდონის“ წლად გამოცხადდეს. ამ ინიციატივას ექსპერტები ეხმაურებიან:

სანდრო თვალჭრელიძე, გეოლოგი:

ძალიან კარგი ინიციატივაა და მისვესალმები. ვთვლი, რომ ხუდონჰესის მოწინააღმდეგე ადამიანი საქართველოს მტერია. შეიძლება, 2014 წლის გამოცხადება „შაჰ დენიზი-2“-ისა და „ხუდონჰესის“ წლად, პროექტის ოპონენტებს აზრს დიდად ვერ შეაცვლევინებს, მაგრამ პროექტის პოპულარიზაციის მიზნით კარგი გადაწყვეტილებაა.

თემურ გოჩიტაშვილი, ენერგეტიკოსი:

კარგი ინიციატივაა, რომლის მიმართაც დადებითი დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ეს ხალხის ინფორმირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. „შაჰ დენიზი-2“ ისედაც ყველაფერზე ლაპარობს, მაგრამ „ხუდონჰესის“ მიმართ ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს. მოსახლეობამდე ამ პროექტის მნიშვნელობის მიტანა აუცილებელია და ამ მხრივ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა დადებით შედეგს მოგვცემს. მეტი ინფორმირებაა საჭირო, მეტი უნდა იცოდნენ ამ პროექტის სარგებელზე, რასაც „ხუდონჰესი“ საქართველოს მოუტანს. ამდენად, ამ უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას მხარს ვუჭერ და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

მარიამ ქიმერიძე, ეკოლოგი:

დადებითად ვაფასებ, პროექტის პოპულარობის მიზნით ეფექტური გადაწყვეტილებაა მიღებული. მთავარია, საზოგადოების მხრიდანაც ჰქონდეს გამოხმაურება და ხალხმა პოზიტიურად აღიქვას. შეიძლება, „შაჰ დენიზისა“ და „ხუდონჰესის“ 2014 წლის პროექტებად გამოცხადება არ იყოს პირდაპირი შედეგის მომტანი, მაგრამ გარკვეული დოზით, ეფექტს ნამდვილად მოგვცემს. რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან მეტი ინტერესი გაჩნდება, მეტის ცოდნის სურვილი!

ბაადურ უკლება, ჰიდროლოგი:

თანახმა ვარ, მომავალი წელი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების წლად გამოცხადდეს. არ ვთვლი, რომ ეს პოპულარიზაციას გასწევს, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირებას უდავოდ შეუწყობს ხელს. ელემენტარულად, ხალხი გაიგებს, რომ კეთდება საქმე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. თავის მხრივ, შეეცდება მეტი გაიგოს უკვე განხორციელებული პროექტის შესახებაც. ამ დონის გრანდიოზული პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა და მასებისვის მეტი ინფორმაციის მიწოდება შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

კომენტარი