სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერვიუ დავით მირცხულავასთან

ხუდონჰესის მშენებლობა აქტუალური თემა იყო და მომავალშიც იქნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ენგურის ზედა ბიეფში უნდა აშენდეს. ჰესის პარამეტრები მართლა შთამბეჭდავია; 702 მგტ დადგმული სიმძლავრე, მილიარდ ხუთასი მილიონი კვტ.სთ. გამომუშავება, მშენებლობის ექვსი წლის მანძილზე ერთდროულად 4000 ადამიანის დასაქმება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.

მშენებლობის შემდგომ, ჰესის ექსპლუატაციაშე შესვლისას მუდმივად დასაქმებული იქნება სულ მცირე 250 ადამიანი. სხვა სიკეთეებთან ერთად იკვეთება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ენგურჰესის წყალსაცავის რეგულირება, რადგანაც ხუდონის აშენების შემდეგ ენგურჰესზე შესაძლებელი იქნება დამატებით, ყველანაირი ინვესტიციის გარეშე, გამომუშავებული იყოს 470 მლნ. კვტ.სთ, რაც დაახლოებით ახალი ჟინვალჰესის აშენებას ნიშნავს და ეს ენერგია იგივე ფასად 1,18 თეთრად შევა საქართველოს ენერგოსისტემაში.

ხუდონჰესის პროექტის მიმდინარეობაზე და ზოგადად, ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური ხელმძღვანელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და სემეკის ყოფილი თავმჯდომარე დავით მირცხულავა.

- ბატონო დავით, ძალიან ხშირად ვისმენთ ხუდონჰესის პროექტის შესახებ განსხვავებულ პოზიციებს. გარემოს დამცველები ამ პროექტს ლამის კატასროფად აფასებენ, ენერგეტიკოსები კი ქვეყნის ხსნად. იქნებ მოკლედ გვითხრათ ამ პროექტის შესახებ.

მე საერთოდ არ მომწონს ასეთი რადიკალური გამოთქმები: „კატასტროფული“ ან „ქვეყნის ხსნა“ და ა.შ. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ პროექტით გარემოზე ნებისმიერი ნეგატიური ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ რაიმე სახის კატასტროფაზე საუბარი აშკარად გაზვიადებულია და არ ეფუძნება არანაირ რეალობას. ამის თქმისას ვხელმძღვანელობ „ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასებით“, რომელიც ფრანგული და იტალიური ცნობილი კომპანიების მიერაა შესრულებული ჯერ კიდევ 2008 წელს, მსოფლიო ბანკის დაკვეთით; ასევე „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ დაკვეთით შესრულებულ მრავალრიცხოვან კვლევებს, რომელსაც უამრავი ქართველი და უცხოელი ავტორი ჰყავს და რომლებმაც ასახვა ჰპოვეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2013 წლის ნაშრომში.

ახალა რაც შეეხება ხუდონჰესის მიერ “ქვეყნის ხსნას“, აქაც შემიძლია უამრავი ნაშრომი მოვიყვანო, რომლებიც განსაზღვრავს და ასაბუთებს ჩემს მიდგომას ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მოვიყვან იმ ნაშრომს, რომელიც უნიკალურია თავისი მნიშვნელობით და საფუძვლად უნდა გამოდგეს საქართველოს ენერგოსისტემის სტრატეგიული გრძელვადიანი განვითარებისათვის. აღნიშნული ნაშრომი: “საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება“ შესრულებულია ცნობილი სერბული კომპანიის მიერ 2008 წელს და დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. ასეთი ტიპის ნაშრომები მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში, გამოიყენება მთავრობებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასახმარებლად, როდესაც საქმე ეხება ენერგოსექტორის განვითარების გრძელვადიანი მიმართულებების განსაზღვრა-დაგეგმვას. გნებავთ უფრო მარტივად ვიტყვი, ასეთი ნაშრომი და მისი რეკომენდაციები არის ერთ-ერთი მსოფლიოში აპრობირებული საშუალება მთავრობებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ ანგარიშში გამოყენებულია მიდგომა, რომელიც ეფუძნება ტექნიკურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალური საკითხების ინტეგრირებულ შეფასებებს. ენერგოგენერაციის ალტერნატიული ვარიანტების განხორციელების სცენარები შეფასებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ საფუძუველზე დაყრდნობით, არამედ ენერგოსექტორის, გენერაციის ობიექტების, მშენებლობის, გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენების გათვალისწინებით. მოცემული კვლევა განკუთნილი იყო საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების პრიორიტეტების განსასაზღვრავად 2008-2021 წლებში. ნაშრომში განხილულია ყველა შესაძლო ენერგიის წყაროები, რომელთაც მომავალში შეიძლება წვლილი შეიტანონ საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაში. სწორედ ამ მიდგომებითაა დასაბუთებული ხუდონჰესის და სხვა კონკრეტული გენერაციის ობიექტების აუცილებლობა საქართველოს ენერგოსისტემისათვის და როდესაც რომელიმე ექსპერტი საპირისპიროს ამტკიცებს, ელემენტალურია, რომ მათი განცხადებები ზემოთ აღნიშნული მოდელის გათვლებზე მაინც უნდა იყოს დაფუძნებული. სხვა შემთხვევაში, მათი განცხადებები მოკლებულია პროფესიულ არგუმენტებს და დილეტანტურია.

- ამას წინათ გაიმართა კონფერენციახუდონჰესის გამოწვევები“ , რომელიც ებერტის ფონდის ეგიდით იყო დაფინანსებული, როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია თქვენ არ იყავით მიწვეული?

მე წავიკითხე საქართველოში ებერტის ფონდის ხელმძვანელის ქალბატონ თიკანაძის განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ გამოუგზავნიათ ჩვენთვის მოწვევა და მეტიც, ჩვენი ოფისიდან სატელოფონო საუბრისას დასტურიც კი მიუღიათ მონაწილეობაზე. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა 6 დეკემბერს და ჩვენი ოფისის საქმიანი შეხვედრებიდან გამომდინარე 6 დეკემბრამდე 2 კვირის განმავლობაში ჩვენს თბილისის ოფისში მხოლოდ მე და რამდენიმე ჩემი უცხოელი კოლეგა ვიმყოფებოდით. აქედან გამომდინარე სატელეფონო საუბარი ჩემთან უნდა შემდგარიყო და მეტიც, მოსაწვევი მე უნდა მიმეღო. ასეთ რამეს ნამდვილადარ ჰქონია ადგილი. ჩემთან, ჩვენ ოფისში არც მოსაწვევი მოუტანია ვინმეს და არც ამ თემაზე მქონია ვინმესთან სატელეფონო საუბარი. ჩავთვალოთ რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა დასანანია, ჩვენი მონაწილეობის შემთხვევაში კონფერენციის მონაწილენი მიიღებდნენ ხუდონჰესის პროექტზე ამომწურავ, დასაბუთებულ და პროფესიონალურ ინფორმაციას.

-ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ჩხობაძე მუდმივად იმეორებს, რომ გეოლოგია, ჰიდროლოგია, სეისმიკა და ასე შემდეგ საკითხები არ არის სათანადოდ შესწავლილიო, რასაც გარემოს დაცვის მინისტრიც იმეორებს. რას უპასუხებდით მათ?

პირველ რიგში ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ამ ქალბატონებს და მინდა ამ მიმართულებით განვაცხადო, რომ ხუდონჰესის მშენებლობის რაიონის გეოლოგიური შესწავლა 2012-2013 წლებში განახორციელეს ცნობილმა, უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების და ავტორიტეტის შვეიცარიელმა გეოლოგება, ინჟინრებმა: პიტერ ჯუიტმა, ჯულიანო რიბეირომ, ოლივერ მიულერმა და სხვებმა. ასევე საველე კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი გეოლოგები, ინჟინრები. გეოლოგიური კვლევების სპეციფიკაციები და მოცულობები შეესაბამება ასეთი ტიპის ნაგებობებისათვის დღეს მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ მოთხოვნებს და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ რაიმე შენიშვნას ან შეშფოთებას ამ მიმართულებით. თუ პატივცემული ქალბატონების შეშფოთება ხუდონის კაშხლის ფუძის რაიმე გეოლოგიურ, ფიზიკო მექანიკურ, ფილტრაციულ, გეოფიზიკურ ან სხვა ტიპის მახასიათებლებს ეხება - შემიძლია განვაცხადო კაშხლის ფუძის გეოლოგია მისაღებია ასეთი ტიპის ნაგებობებისათვის და ის აკმაოფილებს ნებისმიერ მსოფლიოში მიღებულ კრიტერიუმს ამ მიმართებაში.

რაც შეეხება ჰიდროლოგიას, მდინარე ენგური ერთად-ერთი მდინარეა საქართველოში, სადაც ფაქტიურად არასოდეს არ შეწყვეტილა ჰიდროლოგიური მონაცემების აღება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იქ არსებობს ენგურჰესის წყალსაცვი. საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირე რაოდენობის მდინარე გვაქვს სადაც წინა საუკუნის 80 წლების ბოლოდან წყვეტა არ განეცადოს მდინარეთა ხარჯების გაზომვის უწყვეტ ვარიაციულ რიგს. საბედნიეროდ მდინარე ენგურისათვის ასეთი ყოველდღიური მონაცემები 90 -იანი წლებიდან დღემდე არსებობს.

მინდა შევეხო სეისმოლოგიურ კვლევებს, ჩატარდა ხუდონჰესის მშენებლობის რაიონის დეტალური სეისმური შესწავლა ასეთი ტიპის ნაგებობებისათვის სეისმური პარამეტრების შერჩევის მსოფლიოში აპრობირებული სახელმძღვანელო პრინციპებიდან გამომდინარე. განისაზღვრა ობიექტის სეისმური რხევების გასათვლელი ორი დონე: საექსპლუატაციო - პერიოდი 475 წელი და უსაფრთხოების შეფასების მიწისძვრა 10000 წელი.გადაისინჯა ობიექტის ლოკალური არის სეისმური აქტივობა. ობიექტის სეისმური შეფასება განხორციელდა ალბათური და დეტერმინისტული მიდგომებით, რაც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოში მიღებულ მოთხოვნებთან. ამ მიმართებითაც მინდა განვაცხადო, რომ ქართველი მეცნიერების მიერ შესრულებულია უნიკალური სამუშაოები, რომელთაც ანალოგი ქართულ სინამდვილეში აშენებული არც ერთი ობიექტისათვის არ მოიპოვება.

-მინდა გკითხოთ კიდევ ერთ ყბადაღებულ ექსპორტის თემაზე, რომ ხუდონის ენერგიის 91% განკუთნილია საექსპორტოდ თურქეთში და საქართველოს ფაქტიურად არაფერი დარჩებაო.

ამ თემაზეც ბევრჯერ მომიწია განმარტების გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 133 მილიონი კილოვატსაათი (ხუდონჰესის ჯამური გამომუშავების დაახლოებით 9%-ი) არის ის ენერგიის მოცულობა, რომელსაც სახელმწიფო გარანტირებულად შეიძენს ხუდონჰესიდან 2020 წელს. ანუ იმ ფასად, რაც დღეს არის ზამთრის ენერგიის ფასი. დამიჯერეთ, ხუდონის ეს ენერგია უიაფესი იქნება იმ პერიოდში, არავითარი კონტრაქტი დანარჩენი 91% ის გაყიდვაზე ბუნებაში არ არსებობს არც თურქეთში და არც სხვა ქვეყანაში. ამიტომ საუბარი 91 % ის უცხოეთში გაყიდვაზე არასერიოზულია. თუ ვინმე ოპონენტს ასეთი ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება აქვს ნანახი წარმოადგინონ. დარწმუნებული ვარ ხუდონჰესის ენერგიაზე მისი მშენებლობის დამთავრების შემდეგ სწორედ ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა, ამაზე მეტყველებს ყველა პროგნოზული გათვლები და გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოში დარჩება.

-ძალიან მტკივნეული თემაა განსახლება, ბუნებრივია რთულია მამაპაპისეული სახლკარის დატოვება, ასევე პრობლემურია საფლავებისა და ეკლესიის თემა, თქვენი პოზიცია.

გეთანხმებით, ძალიან მძიმე სენსიტიური თემაა და ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველა პრობლემა და საკითხი უნდა გადაწყდეს მსოფლიოში მიღებული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს სტატეგიულ ინტერესებს და ადგილობრივი მოსახლეობის და მთელი საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.

-მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ ენერგეტიკაში შექმნილ სიტუაციებზე, ბევრი პრობლემებია და თქვენ როგორ ხედავთ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ენერგეტიკა. იმასაც ამბობენ რომ არ გვაქვს ენერგეტიკული სტრატეგიაო და ჯერ ის შევიმუშაოთ და მერე ვისაუბროთ ჰესების აშენებაზეო...

ვფიქრობ აბსოლიტურად მართებულად დაიმსახურა „ ენერგო პრომ“ მინისტრის საყვედური, მიმაჩნია ენერგეტიკულმა საზოგადოებამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ შემოდგომა -ზამთრის პერიოდისათვის მოსამზადებელი სამუშაოების სპეციფიკაციას, მოცულობებს , ფაქტია აქ პრობლემები არსებობს.

რაც შეეხება ენერგეტიკულ სტრატეგიას აქაც განვმეორდები 2004 წელს გამოიცა „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობაში საქართველოს ენრგეტიკული სტრატეგია, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2020 წლამდე. ქვეყანამ პერმანენტულად უნდა იმუშაოს ამ თემატიკაზე და ეს მუდმივი პროცესია. საიხარულოა რომ ამ მიმართულებით სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს.

სწორედ ასეთ სტრატეგიას თან სდევს უფრო სწორად მოჰყვება მისი ბუნებრივი ნაწილი: ენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმვის მოდელების გამოყენება ,ამაზე ინტერვიუს დასაწყისში საკმაოდ ვისუბრე და არ განვმეორდები. როგორც ზემოთ ავღნიშნე ასეთი დაგეგმვა ენერგოსისტემის გენერაციის ობიექტების 2008 წელს განხორციელდა და მოიცავდა 2021 წლამდე პერიოდს. ზემოთ აღნიშნული მოდელითაც და ნებისმიერი სხვა ადეკვატური მოდელის გამოყენებითაც საქართლოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

-ახლახან გაიხსნა 500 კილოვატიანი ხაზი, იგეგმება ჯვარი ხორგას მშენებლობა, რას ფიქრობთ შეძლებს კი საქართველო ამ ხაზების გამოყენებას? საკუთარი ენერგია ჯერ საკმარისი არ გვაქვს...

ამაზე პოზიტიურად დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მე მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხები ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. სწორედ ასეთი ობიექტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ენერგეტიკული უსაფრთხოების ინდიკატორულ მახასიათებლებს და ვისარგებლებ შემთხვევით ყველა ენერგეტიკოს და მთელ საქართველოს მიულოცავ ახალციხეში ქვესადგურის და პირველად ჩვენ ქვეყანაში და ამიერკავკასიაში მუდმივი დენის ჩანართის ექსპლუატაციაში გაშვებას.

-და ბოლოს როდის შეიტანთ გარემოს დაცვის სამინისტროში საბოლოო გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს?

უახლოეს მომავალში. საბოლო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ფასეული რეკომენდაცია, შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იყო. ასევე ახალი, დასრულებული კვლევები აისახება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ვერსიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100