უნარების განვითარების და შეფასების ცენტრი (IDAC) პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის პრეზენტაციას გამართავს

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (დარბაზი „ივერია ბოლრუმ 2“) უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრი (IDAC ) პირველი ქართულენოვანი ტესტების პროექტის – 4S („ფორესი“) პრეზენტაციას გამართავს.

4S („ფორესი“) სთავაზობს მომხმარებელს პირველად, ქართულ ენაზე, სამუშაო უნარების გადამოწმების შესაძლებლობას, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. ეს არის პირველი ქართულენოვანი ტესტირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია უცხოელი ექსპერტების მიერ და საშუალებას იძლევა შეფასდეს პიროვნების უნარი 4 სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ოთხი უნარი ერთიანობაში გვაძლევს პიროვნების სამუშაო უნარის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.

პრეზენტაციაზე პროექტის უნიკალურობასა და მის უპირატესობებზე ისაუბრებს უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის მმართველი პარტნიორი, ბ–ნი დავით ჩანტლაძე.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა პროექტის პარტნიორი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენელი, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ბ–ნი ლაშა გოცირიძე, რომელიც ისაუბრებს მათი თანამშრომლობის და ასეთი ტიპის ტესტირების სისტემის მნიშვნელობის შესახებ როგორც საგანმანათლებლო, ასევე დასაქმების სფეროში; ასევე სიტყვით გამოვა KMS Georgia–ს დირექტორი ქ–ნი მაია წერეთელი, რომელიც ისაუბრებს, „ფორესის“ და ზოგადად სამუშაო უნარების ტესტის მნიშვნელობაზე კადრების შერჩევისას, სამუშაო უნარის შეფასების გასამარტივებლად. დასასრულს გაიმართება დისკუსია.

პრეზენტაცის ასევე დაესწრებიან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ ინოვაციური პროექტს და IDAC-ის წარმომადგენლებისგან მიიღონ მეტი ინფორმაცია მომავალში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

ფორესიუნიფიცირებული და სტანდარტიზირებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პიროვნებები, ასევე დამსაქმებლები. ტესტი საშუალებას აძლევს სამსახურის მაძიებელ და კარიერული წინსვლით დაინტერესებულ პიროვნებებს, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო დამქირავებელს ეხმარება კადრის შერჩევისას უფრო სწრაფი და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომენტარი