სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვირიკაშვილი: „ზედაზენს“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნივნელოვანი წვლილი შეაქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფელ საგურამოში მდებარე ლუდსახარშ "ზედაზენს" ეწვია და პროდუქციის წარმოების პროცესი და ქარხანა დაათვალიერა.


„ზედაზენი“ არის კომპანია, რომელსაც ნამდვილად შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში. ამ კომპანიამ გაიტანა ქართული ლუდის სახელი უცხოეთში, რამდენიმეჯერ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ლუდის მწარმოებელ კომპანიად. 40 მილიონ ევროზე მეტია აქ ინვესტირებული და ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, მოგეხსენებათ, სამუშაო ადგილები ჩვენთვის არის უმთავრესი პრიორიტეტი. მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიას და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასეთი სამეწარმეო უნარები, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ მათ განავითარონ ბიზნესი და განახორციელონ ახალი ინვესტიციები. ჩვენ ნამდვილად ვართ განწყობილნი იმისთვის, რომ იმ ახალ წამოწყებებში, რომლებიც კომპანიის დამფუძნებლებს გააჩნიათ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალი პროექტების მნიშვნელობას, რომელთა განხორცილებასაც „ზედაზენი“ გეგმავს.

„იგეგმება ნატურალურ წვენსა და კონცენტრატზე დაფუძნებული ლიმონათის წარმოება, რაც თავისთავად გულისხმობს მეხილეობის მეურნეობების განვითარებას, რათა ადგილობრივ ნედლეულზე წარმოებული პროდუქტი შეიქმნას საქართველოში. ამის გარდა, არის სხვა პროექტებიც, რომლებსაც ვიხილავთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმოო დაგეგმარებით, ტექნოლოგიური პროცესებითა და მართვის სისტემებით, ლუდსახარში „ზედაზენი“ მსოფლიო ლუდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს ლიდერი მწარმოებლების უახლესი მანქანა-დანადგარებით. კომპანია რამდენიმე სახეობის ლუდს, ცივ ჩაის, ენერგეტიკულ სასმელსა და ლიმონათს აწარმოებს. „ზედაზენის“ პროდუქცია მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყიდება და ეს მაჩვენებელი მზარდია. საწარმოში 80 მილიონიანი ინვესტიციაა განხორციელებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი საწარმოო ხაზებისა და ტექნოლოგიების დამატების მიზნით, მენეჯმენტმა ევროპული კაპიტალი (KHS) მოიზიდა და პირდაპირი „ლენდინგი“ განახორციელა. მათივე ინფორმაციით, "ზედაზენმა" ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი Bitburger-ი შემოიყვანა და საქართველოს ლუდის წარმოების ისტორიაში პირველად, გერმანული პრემიუმ-ბრენდის, König Pilsener-ის წარმოება დაიწყო.

კომპანია ასევე გეგმავს ნატურალური წვენების წარმოების განვითარებას. ამ მიზნით უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება გერმანულ კომპანიასთან, პროექტის ღირებულება 6 მლნ ევროს აჭარბებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასევე იგეგმება ჩიპსების, სნეკების და სხვა პროდუქციის წარმოების დაწყებაც.

„მოხარული ვარ, რომ ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ჩვენი ქარხანა. ჩვენ განვიხილავთ იმ პროექტებს, რომელთა წამოწყებასაც ვაპირებთ და ძირითადად სამუშაო რეჟიმში გვექნება შეხვედრა. გავივლით ასევე იმ პრობლემატურ საკითხებსაც, რომლებიც კომპანიის წინაშე დგას. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ასევე ვიწყებთ წვენების წარმოებას, ხელი უკვე მოეწერა ხელშეკრულებას და ალბათ წლის ბოლოდან მოხდება ახალი წარმოების გაშვება. ამასთან ერთად, ვმუშაობთ, ასე ვთქვათ, ქარხნის გარეთ სხვა პროექტებზეც, მათ შორისაა კონცენტრატებისა და სამშენებლო მასალების წარმოება. დამუშავებული გვაქვს რამდენიმე პროექტი, აქედან ნაწილში ვმუშაობთ კერძო ინვესტორებთან, ნაწილს კი ვიხილავთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. ასე რომ, წლის ბოლომდე ბევრი სიახლე იქნება“ - აღნიშნა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ცეზარ ჩოჩელმა.

„ზედაზენის“ ქარხანასა და სადისტრიბუციო ქსელებში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა 45 მილიონს ლარს შეადგენს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100