„ჰით ბათუმი 2015“ აქტიურ ფაზაში შედის

„ჰით ბათუმი 2015“ აქტიურ ფაზაში შედის! აქ ყოველდღე რაღაც ხდება! ბათუმი 16-19 ივლისს "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში იტალიელ ვარსკვლავებს მასპინძლობდა. ზღვისპირა ქალაქში სანრემოს დღეები უკვე დასრულდა, თუმცა „ჰით ბათუმი 2015“ ისევ გრძელდება.

პირველი დღე „სპაგეტი სვინგ ბენდის“ ცნობილ ჰიტებს დაეთმო. ბათუმელები და ზღვისპირა ქალაქის სტუმრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. განუმეორებელმა და ვირტუოზულმა „სპაგეტი სვინგ ბენდმა“ რომლის კონცერტები განსაკუთრებულობით გამოირჩევა, დავით გომართელთან ერთად, დაუვიწყარო საღამო აჩუქა ბათუმსა და Club Take Five Batumi-ს .

განუმეორებელმა უმბერტო ტოციმ და ჯგუფმა „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ამავე დღეს ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც გაიმართა.

„ჩვენ სადაც გვეძახიან სამღერად ყველგან მივდივართ. ჩვენ ყველა მსმენელს პატივს ვცემთ, პოლიტიკური მისწრაფებები ჩვენთვის არარსებობს, ჩვენთვის არსებობს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი,“ - ასეთი განცხადება გააკეთა ბათუმში მყოფმა იტალიური ჯგუფის „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ფრანკო გატიმ.

„ჩვენ მოგვაქვს მხიარულობა და მუსიკა! ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა პოლიტიკოსები! ჩვენ მხოლოდ დადებითი რამ მოგვაქვს ხალხთან - ხალისი ყველასთვის,“ - აღნიშნა „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ანჯელა ბრამბატიმ.

„მუსიკა უნივერსალური ენაა ურთიერთობებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ქვეყენაში ვაკეთებთ. ჩვენ ყველა ქვეყანაში ვმღერით, ჩვენს ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ,“ - მიაჩნია „რიკი ე პოვერის“ სოლისტს ანჯელო სოტჯუს.

კონცერტის წამყვანი იყო ქართველი მომღერალი დავით გომართელი, რომელსაც ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე. გომართელმა კონცერტზე რამდენიმე ცნობილი იტალიური ჰიტიც შეასრულა.

მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოციმ საქართველოში პირველად გამართა კონცერტი ქართველი მსმენელისთვის.

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ბათუმელი შემსრულებლების დღეებიც გაიმართა, რომელიც 14 ივლისს დაიწყო. ბათუმის სტუმრებს ბულვარის კოლონადებთან ადგილობრივმა ჯგუფებმა - "ბლექ სი ბენდმა" და "სი საითიმ", ლაშა ღლონტმა და ვაჟა ტუღუშმა ბენდთან ერთად უმასპიძნლეს და ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს. კოლონადების სცენაზე ასევე წარსდგნენ ვანილა კეიჯი, პიანისტი ლადო ყატაშვილი და ბათუმური კვარტეტი.

ბათუმელი შემსრულებლების კვირეული გუშინ სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდა! მომღერალმა ბათუმელებსა და დამსვენებლებს ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქა.

ერთი სიტყვით, ბათუმელებმა და ქალაქის სტუმრებმა არაჩვეულებრივი ვიქენდი გაატარეს. სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გამოფენა „ქოლგა“ გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს 6 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. დღეიდან 2 თვის განმავლობაში 38 ფოტო პროექტითა და 18 ფოტოთი წარსდგება ბათუმელებისა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლების წინაშე. წლევანდელ ფოტოკონკურსში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი მონაწილეობდა. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა.

გარდა ამისა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში CAC 41N/41E "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში Street Art ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თეზი გაბუნიას, ზურა არაბიძისა და Dr.love-ს ნამუშევრები. ზღვისპირა ქალაქში ფესტივალი წელს მესამედ იმართება.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 5 კედელი მოიხატება, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებშია შერჩეული. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ექნებათ ხატვის პროცესს თვალყური ადევნონ. ფესტივალში ორგანიზატორია არტ სტუდია DOTCOMMA.

Street Art ფესტივალი პირველად ბათუმში 2013 წელს გაიმართა, რომელიც აერთიანებდა 9 მხატვარს პარიზიდან და 6 ქართველ არტისტს, როგორც თბილისიდან ასევე ბათუმიდან. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, Trump Tower-ისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრანგი და ქართველი მხატვრების მიერ სარეკლამო ბილბორდები, სტენდები და 10 კედელი მოიხატა და ბათუმისთვის უნიკალური ნამუშევრები შეიქმნა.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი