პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მიესალმება

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა 5.9%-ით და აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ 3 თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა, - ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებია, რომელიც პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა, რაც, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

„ეს, ასევე უნდა აღვიქვათ გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის შედეგადაც. 2016 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში. პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით, როგორც სახელმწიფო სექტორში - ავტომაგისტრალების, შიდა გზე¬ბის, ჰიდროელექტროსადგურების, კერძო სექტორში - მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელი შე¬ნობების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავ¬შირ¬გაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით, რაც 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო, 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო, კვარტლის მონაცემებით - 2,8%. პრემიერის შეფასებით, ბოლო თვეებში აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება.

„შედეგად, რა თქმა უნდა, იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა, სადაც აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სუვერენული დაფინანსების მქონე პროექტების კუთხით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, ისე კერძო სექტორის აქტივობის მხრივ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში არის ის, რომ აღინიშნება ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა ლარის კურსის დასტაბილურებასა და გამყარებასთან მიმართებაში. ბანკების მხრიდან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შემცირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულაციური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 5 თვეში, საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა და ასევე პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც აქამდე პრობლემატური იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფისკალური სტიმულირება წლის დასაწყისში ყოველთვის იყო საჭირო და ძალიან კარგია, რომ წლის პირველ ხუთ თვეში ამ კუთხით ჩავარდნები ნაკლებია. პრემიერის შეფასებით, იანვარ-მაისში წლიური გეგმის 37,8%-ის დახარჯვა დადებითი მაჩვენებელია.

„ვფიქრობ, როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორები, დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს, მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და მოიმატებს ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან, მით უმეტეს, რომ ჩვენ განვახორციელეთ და პარლამენტმა უკვე მიიღო საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი