სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვისოლი“ ბენზინს იპარავს?

კომპანია, რომელზეც სხვადასხვა სახის პრეტენზიებს ვისმენთ, რაც უნდა გასაგვირი იყოს, „ვისოლია“. როცა პრეტენზია პირველობაზე გაქვს, შესაბამისი ხარისხის პროდუქციასაც უნდა აწარმოებდე. საქართველოში, ნავთობ სექტორში, როგორც „ვისოლის“ ხელმძღვანელობა იტყოდა, „ინოვატორი“ კომპანია, თურმე ბევრს სცოდავს.
მძღოლებს არ გამოპარვიათ, რომ ასეთი სახელოვანი კომპანია ბენზინს, მარტივად რომ ვთქვათ, იპარავს. ანუ ავტოგასამართი სადგურები მძღოლებს იმ რაოდენობის ბენზინს არ აწოდებს, რაც მრიცხველზე აღინიშნება. თანხა კი ამ შემთხვევაში ტყუილად გადახდილი გამოდის.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბენზინზე უსაშველოდ მაღალი ფასებია, საქმე უფრო რთულადაა. მძღოლების პროტესტიც ამან გამოიწვია. ქალაქში უკვე გაჩნდა მანქანებზე გაკრული „სტიკერები“, რომლითაც მძღოლები გაძვირებულ საწვავს აპროტესტებენ.
ესეც არ „იკმარეს“ და თბილისში მძღოლები აქციების მოწყობასაც გეგმავენ. მაგრამ არა იმ ფორმებში, რასაც ჩვენი „ოპ. რადიკალები“ აკეთებდნენ.
საწვავის მაღალი ფასებით აღშფოთებულმა მძღოლებმა პრესკონფერენციაც კი გამართეს. როგორც გაირკვა, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი მაქსიმუმ 1,3 ლარი უნდა ღირდეს. დღეს კი რეგულარის ტიპის საწვავის ყიდვა, 40 თეთრით უფრო ძვირად, 1,7 ლარად უხდებათ.
ამას ემატება ისიც, რომ მომხმარებელს არ აქვს საშუალება ფასების მიხედვით აირჩიოს საწვავი, რადგან ყველგან ერთი და იგივე ფასია დაწესებული. სამწუხაროდ არჩევანი საქართველოში ფუფუნებად იქცა.
საუბრობენ იმაზეც, რომ ნავთობკომპანიები ფასებს ერთმანეთთან შეთანხმებით აწესებენ. პრობლემაც ამიტომ იქმნება, რადგან ბაზარზე ალტერნატიული ფასები არ არსებობს. ამას ემატება საწვავის უხარისხობაც.
სოსო ნადაშვილი, მძღოლი: „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბაზარზე არის იტალიური, რუმინული, საწვავი. ბუნებრივია მათი ხარისხი და ფასი ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა იყოს. ამიტომ რამდენიმე ათასი კილომეტრიდან იმპორტირებულ პროდუქტს გაცილებით მაღალი თვითღირებულება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მეზობელი აზერბაიჯანიდან შემონატილს“.
თბილისში ამ პრობლემით შეწუხებულს არა ერთ ადამიანს შეხვდებით. გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ მიუხედავად ნავთობკომპანიების სიმრავლისა, მძღოლების განსაკუთრებულ პრეტენზიას კომპანია „ვისოლი“ იმსახურებს. მძღოლების მხრიდან რამდენად კარგია ასეთი შეფასება ამაზე სჯობია თავად „ვისოლის“ ხელმძღვანელობა დაფიქრდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100