სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პორტუგალიელი ინვესტორების ვიზიტი საქართველოში

პორტუგალიელი ინვესტორები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და ამ მიზნით სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრებს მართავენ.

გუშინ ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი მატკავას შეხვდნენ და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტებზე ისაუბრეს. საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით პორტუგალიის ოთხი ყველაზე დიდი კომპანიაა დაინტერესებული.

„ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ერთი ის, რომ პოტენციური ინვესტორები არიან უმსხვილესი და ძლიერი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ დიდი რესურსი და ბიზნესის გამოცდილება არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მეორე ის, რომ ეს კომპანიები მოღვაწეობენ სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მათი ინტერესიც ინვესტიციების განხორციელების კუთხით ძალიან მრავალფეროვანია: მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე საცალო ვაჭრობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ინდუსტრიული პროექტები და სხვა. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და იმედი მაქვს, ძალიან მალე დავიწყებთ უკვე კონკრეტულ, ერთობლივ პროექტებზე მუშაობას" - განაცხადა ირაკლი მატკავამ.

პორტუგალიელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო პორტუგალიაში და აჭარის მთავრობა. სტუმრები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

წყარო: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=992

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100