სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მგლის ბილიკი კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის

ოცდაორი თხა, რვა ძროხა, აქედან სამი – მაკე, ორმოცდაათზე მეტი შინაური ფრინველი და რამდენიმე ძაღლი: ეს არასრული სტატისტიკაა იმ ზარალისა, რომელიც სამეგრელოს რამდენიმე სოფელს მგლებისგან მიადგა.

ვისაც სამეგრელოში (ან საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში), სოფელში უცხოვრია ან ნათესავი ჰყავს, ძალიან კარგად მიხვდება, რას ნიშნავს ოჯახისთვის მაკე ძროხის დაგლეჯა: ძროხა ზოგიერთი ოჯახისთვის ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს და ამ ოჯახებს სწორედ მათი რძითა და ყველით გააქვთ თავი, რომელთა გაყიდვა სხვა პროდუქტის ყიდვის ერთადერთი გარანტიაა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში მგლებისგან დაზარალებული ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებულთა კატეგორიიდანაა. გაუგებარია, როგორ არჩევენ ან არჩევენ თუ არა საერთოდ მგლები შეძლებულ და ღარიბ ოჯახებს, მაგრამ ფაქტია, რომ დაგლეჯილი თხებისა და ძროხების უმრავლესობა ღარიბებს ეკუთვნოდა.

ცნობილია, რომ მგელი ტყიდან შიმშილს გამოჰყავს. როგორც სამეგრელოში მწარედ ხუმრობენ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ტყეებსაც დაეტყო: შიმშილით სიკვდილისთვის განწირული მგლები ტყეებს ტოვებენ და ბოსლებში ძროხებს უვარდებიან. უფრო იღბლიანები საკბილოს ტყეების პირას, საძოვრებზე პოულობენ და შიმშილისგან კბილებაკაწკაწებულები არც ადამიანს ერიდებიან. ასე მაგალითად, ერთ–ერთ სოფელში, საძოვარზე ნახირს მაშინ დაესხნენ თავს, როცა მწყემსი ბიჭი სულ რაღაც ათიოდ ნაბიჯში, კუნძზე იჯდა და შეყვარებულს ემესიჯებოდა.

მწყემსი ბიჭი ტყუილში არ იყო შემჩნეული, ამიტომაც მისი ყვირილი: „მგელი! მგელი!“ სოფელში დარჩენილ მამაკაცებს საეჭვოდ სულაც არ მოსჩვენებიათ – ზოგმა ფიწალს დასტაცა ხელი, ზოგმა მსხვილ ჯოხს და საძოვარზე ავარდნენ, მაგრამ მგელი უკვე გაქცეული დახვდათ, მწყემსი ბიჭი კი ნადირის მიერ ყელგაოჭმულ კვარაცხელიას ჯიშის ძროხასთან ჩაჩოქილი...

როგორც ჩანს, მგლის ბილიკი სამეგრელოში მაინცდამაინც კვარაცხელიას ჯიშის ძროხებისკენ მიდის, თუმცა, მგლების აგრესიის შედეგად თხები უფრო დაზარალდნენ – რაოდენობრივად თხებს შორის მსხვერპლის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე ძროხების, რომ არაფერი ვთქვათ ეზოებიდან გამქრალ ქათმებზე, ინდაურებზე, ბატებსა და იხვებზე.

ზოგიერთ ოჯახში ძაღლები კი ჰყავთ, მაგრამ ნაგაზები, ე.წ. „ვოლკოდავები“ იშვიათობაა, ამიტომაც სოფლების მოსახლეობამ სხვა გზას მიმართა. როცა მგლების თავდასხმამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, მათ ერთობლივი წერილები დაწერეს, მერე კი ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში გააგზავნეს.

წერილში მოცემული თხოვნა, მგლების მოგერიების მიზნით სანადირო თოფების გამოყენების სესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა: იარაღის გამოყენების უფლება სოფლების ნებისმიერ მცხოვრებს არა აქვს: შეიქმნა მობილური ჯგუფები იმ ადამიანებისგან, ვისაც ნადირობის გამოცდილება გააჩნია და შესაბამის გამოცდილებასთან ერტად, სანადირო იარაღი ოფიციალურად აქვთ გაფორმებული.

სწორედ მათ დაევალათ პატრულირება და ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მოგერიების მიზნით მგლის მოკვლის გამო ისინი არ დაჯარიმდებოდნენ. მართალია, იმ კოდექსს, სადაც მგლის მოკვლის გამო პირველად ოთხასლარიანი ჯარიმა, მეორედ კი უფრო მკაცრი ზომების გატარებაა მითითებული, აღმატებული ძალა აქვს, ვიდრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მონადირეები მაინც არ დაისჯებიან.

საშიშ ზონებად ზუგდიდისა და ხობის რაიონების რამდენიმე სოფელი ითვლება: ურთა, ცაიში, აბასთუმანი, თორსა, ხეთა, ხამისკური და სხვები. სწორედ ამ სოფლებში დაიწყო გასული წლის ბოლოს მობილური ჯგუფების პატრულირება და სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რადგან საერთო ჯამში ამ ჯგუფის წევრებმა სამი „აგრესორი“ მგლის მოკვლა მოახერხეს.

მაგრამ მგლები, რომლებიც საოცარი ალღოთი გამოირჩევიან, ამ შემთხვევაში ადამიანებზე მეტად ჭკვიანები აღმოჩნდნენ: სოფლებში შეღწევა მათ მიუვალი, უკაცრიელი ადგილებიდან, ყოველგვარი ყმუილის გარეშე, ფეხაკრეფით დაიწყეს. მობილური ჯგუფების წევრებს მოსახლეობამ „დეზერტირობაც“ კი დააბრალა, რამდენიმე ქალმა კი ლოთები და უსაქმურებიც უძახა, რადგან სწორედ მათი პატრულირების დროს, ღამის საათებში მგელმა ერთი თხა დაგლიჯა და საქათმიდან რამდენიმე ქათამიც გაიტაცა. გამორიცხული არ არის, რომ მგლები რამდენიმე ჯგუფად ერთიანდებოდნენ.

მგლების მიერ შეცვლილი ტაქტიკის კვალდაკვალ, ტაქტიკის შეცვლას მობილური ჯგუფებიც აპირებენ, ასე რომ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გადარჩებიან თუ არა მეგრული, კვარაცხელიას ჯიშის ძროხები მგლებისგან დაგლეჯას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100