სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ითხოვს მარეხ ყანბეგაშვილი, ოლეგ იაძისგან 50 000 ლარიან კომპენსაციას?

მედიასაშუალებებით ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის სანაცვლოდ 50 000 ლარიანი კომპენსაცია, - ამ სარჩელით მიმართა მარეხ ყანბეგაშვილმა გორის რაიონის სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ოლეგ იაძის წინააღმდეგ.
გორის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე არ ესწრება, თუმცა მისი წარმომადგენელი გოჩა გოჩიტაშვილი სხდომაზე იმყოფება, რომელმაც პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება მარეხ ყანბეგაშვილს, იგი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ერთხელ და სამუდამოდ, ყველა საჯარო მოხელისთვის გახდება ცნობილი, რომ სახელმწიფო უწყებაში მუშაობა არ ნიშნავს იმუნიტეტს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უფლებით უნდა სარგებლობდეს.
მარეხ ყანბეგაშვილი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, იგი სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდა.
აღნიშნულ პროცესში კიდევ ერთი მხარე არის წარმოდგენილი, ეს არის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დღევანდელ სხდომას საკრებულოს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ესწრება.
ცინცაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ყანბეგაშვილის სარჩელს და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაეკისრება 50 000 ლარის კომპენსაციის გადახდა, ამ შემთხვევაში, აღნიშნული თანხის გამოყოფაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს. ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ საკრებულო არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და აცხადებს, რომ თუ მოქალაქე ყანბეგაშვილს რაიმე პრეტენზია აქვს მოქალაქე იაძის წინააღმდეგ, სარჩელიც სწორედ ამგვარად უნდა იყოს წარმართული და არა როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100