სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი კრიმინალების მსხვერპლი, ქართველი დიზაინერის წერილი სააკაშვილს

Droni.ge-ს ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დაუკავშირდა და საკუთარი გასაჭირი უამბო. მუხრან ხუციშვილი იგივე “Mukha Koko” ირწმუნება, რომ ის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის მქონე ადვოკატმა მოატყუა, ფული გამოსძალა და გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ციხეშიც ჩასვა. საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ხუციშვილმა ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსაც მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. მოგვიანებით დიზაინერმა გადაწვიტა ქართულ საზოგადოებას თავისი ისტორია მედიის საშუალებით გააცნოს. სწორედ ამიტომ Mukha Koko”-მ droni.ge - ს რედაქციაში ვრცელი წერილი გამოაგზავნა.

„ჩემი სახელია მუხრან ხუციშვილი, მე ვარ საქათველოს მოქალაქე, მაგრამ 11 წელიწადია ვცხოვრობ დიდ ბრიტანეთში კერძოდ ლონდონში. ვარ განათებისა და ინტერიერების დიზაინერი, როგორც დიზაინერი ცნობილი ვარ ფსევდონიმით “Mukha Koko” ჩემი და ჩემი ნამუშევრების რეკლამირებას ახდენენ ბრიტანეთის წამყვანი დიზაინის ჟურნალები, ჩემი ნამუშევრები ცნობილია მსოფლიოს 48 ქვეყანაში, ჩემი ნამუშევრების ნახვა და მეტი იმფორმაციის მიღება ჩემს შესახებ შეგიძლიათ ვებ საიტზე www.luxuryglamourlamps.com მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა აქ ბრიტანეთში მე გავხდი კრიმინალების ერთერთი ბანდის მსხვერპლი“ - ასე გაგვაცნო თავი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა. მუხრან ხუციშვილმა იგივე “Mukha Koko”-მ. მანვე გადმოგვცა წერილი, რომლის ადრესატებიც საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველები და ყველა ის იურიდიული პირია, რომლებიც საქართველოში წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას. Droni.ge გთავაზობთ ხუციშვილის წერილს სადაც ის თავს დამტყდარ უბედურებაზე დაწვრილებით უამბობს საქართველოს პრეზიდენტს.

„ბატონო პრეზიდენტო! მე ყოველთვის ვიყავი თქვენი ხედვების და სწრაფვის გამზიარებელი, თქვენსავით მჯეროდა დასავლური ღირებულებების და დასავლური კანონის უზენაესობის, რასაც ვერ ვხედავდი მაშინდელ საქართველოში სწორედ ამიტომ 2002 წელს მე დავტოვე საქართველო და გადავედი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში, მთელი თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში თავგამოდებით ვუჭერდი მხარს თქვენს მონდომებას რათა საქართველო გამხდარიყო იმ დასავლეთის ნაწილი სადაც კანონი არის უზენაესი, მხარს ვუჭერდი ყველა თქვენს მცდელობას რომ საქართველო ყოფილიყო ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთზე, მაგრამ ეს იყო მანმადე სანამ არ დავდექი პირისპირ რეალობასთან,

რეალობა კი მდგომარეობს შემდეგში: იმისათვის, რომ ვყოფილიყავი უფრო მეტად წარმატებული და სასარგებლო ჩემს საქმიანობაში და გავმხდარიყავი უფრო მეტად საამაყო პიროვნება როგორც საქართველოსთვის ასევე ბრიტანეთისათვის, ვინაიდან რადგანაც ქალაქი ლონდონი იყო შთაგონება და ემოციების წყარო ჩემი შექმნილი კოლექციისთვის, გადავწყვიყე მეთხოვა მუშაობის უფლება რათა დამეარსებინა საკუთარი დიზაინერული კომპანია, ამ საქმეში დასახმარებლად მივმართე ბრიტანელ იურისტს Anna Bilinskyy-Jemec, რის შემდეგაც მოვლენები ისე წარიმართა, რომ მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში შეიძლება ხდებოდეს, კერძოდ იურისტმა მოტყუებით გამომძალა საკმაოდ სოლიდური თანხა ხოლო შემდგომ ჩემი ორიგინალი საბუთები ფულთან ერთად უგზოუკვოლდ გააქრო, როდესაც მე იურისტს ჩივილით დავემუქრე მან ურცხვად განმიცხადა, რომ იურისტს ჰყავდა მაღალი რანგის მფარველი ბრიტანულ სამართალ დამცველ სტრუქტურებში და ამიტომ მას ვერავინ ვერაფერს დააკლებდა,

თავიდან რა თქმა უნდა არ დავიჯერე რომ, აქ, ბრიტანეთში, შესაძლებელი იყო მსგავსი უკანონობა, ისევე როგორც შეიძლება მოხდეს ზოგიერთ თქვენგან ავად ნახსენებ განვითარებად ქვეყნებში, თუმცაღა შემდგომ უამრავჯერ დავრწმუნდი რომ იურისტი არ სცრუობდა და მის მაღალი რანგის მფარველს არამარტო ბრიტანულ სამართალდამცველ სტრუქტურებზე არამედ ბრიტანეთში საქართველოს კონსულზეც კი შეეძლო გავლენის მოხდენა.

იურისტმა თავისი კანონსაწინააღმდეგო, საქმიანობის დასაფარდ, პოლიციას მისცა ყალბი ჩვენება ჩემს წინააღმდეგ, იურისტის ყალბი ჩვენებების შემდგომ მისი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად არის ბრიტანეთის პოლიციის ოფიცერი Ryan McCabe No P228365, რამდენჯერმე დამესხა თავს ხოლო შემდგომ 2012 წლის 11 ივნისს დამაპატიმრა,

მაგრამ რაც ყველაზე მეტად გასაოცარია ამის შემდგომ მოხდა უარესი ანუ წარმოუდგენელი რამ! იმ დროს როდესაც ჩემი სასამართლო პროცესი ვერ შედგა რადგანაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება ჩემი ბრალეულობისა, ამისდა მიუხედავად, მე გაუსამართლებლად, ბრალის დაუმტკიცებლად და თავისთავად ჩემი პატიმრობაში დარჩენის მოუსჯელად, პირდაპირ სასამართლოს შენობიდან, ერთ დღეში გადამიყვანეს ბრიტანეთის ერთ-ერთ უმკაცრეს ციხეში არარსებული სასჯელის მოსახდელად, სადაც 5 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი უკანონო ტყვეობაში, ვინაიდან რადგანაც ჩემთვის სასჯელი და ციხეში ყოფნა არც პატიმრობამდე და არც პატიმრობის მერე სასამართლოს არ მოუსჯია, გამოდის რომ მე ამ 5 თვის განმავლობაში არა პატიმარი არამედ კრიმინალთა მფარველის ანუ როგორც იტყვიან “კრიშა”-ს პირადი მძევალი ვიყავი!

ნება მიბოძეთ გაცნობოთ, რომ ბრიტანული უზენაესი კანონმდებლობის თანახმად სამართალ დამცველ ორგანოებს, გაუსამართლებლად და ბრალის მიუსჯელად, კანონიერად, პიროვნების დაკავების უფლება აქვთ მაქსიმუმ 4 დღე თუნდაც იგი ტერორიზმში იყოს ეჭვმიტანილი და ამ კანონის არსებობის შემთხვევაში მე, საქართველოს მოქალაქემ 5 თვე გავატარე უკანონო პატიმრობაში, ფაქტიურად მძევლის სტატუსით. რა გამოდის ამით? ნუთუ ის, რომ ბრიტანეთში ტერორისტსაც კი გაცილებით მეტი უფლებები აქვს ვიდრე საქართველოს მოქალაქეს?

ჩემი ციხეში გადაყვანის შემდგომ გამოვაცხადე საპროტესტო შიმშილობა ჩემს უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით და მივმართე საქართველოს კონსულს დიდ ბრიტანეთში დავით ჯავახიშვილს დასახმარებლად რათა მას მოეთხოვა ბრიტანული კანონების დაცვა რომლებიც ირღვეოდა მისი ქვეყნის მოქალაქის მიმართებაში, მაგრამ ამაოდ, იმის მაგივრად, რომ კონსულს დაწყო თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულება რაც მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უფლებების დაცვაში და მოეთხოვა ჩემი სასამართლო პროცესის დაუყონებლივ დანიშვნა რათა შეწყვეტილიყო ჩემი უკანონო პატიმრობა, ამის სანაცვლოდ კონსულმა დროისა და ადამიანური რესურსის არქონა მოიმიზიზა და ჩემი უკანონო ტყვეობაში მძევლად ყოფნა კონსულის დახმარებითადა და ხელშეწყობით 4 დღის მაგივრად 5 თვეს გაგრძელდა. საინტერესოა რა იყო ამ 5 თვის განმავლობაში კონსულის საქმიანობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უკანონო ტყვეობაში ყოფნა?

მაგრამ ჩემი დევნა ამით არ დამთავრებულა, ჩემი 5 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდგომ როგორც იქნა ჩამიტარეს სასამართლო, სასამართლოს განხილვების შემდგომ მსაჯულებმა ერთხმად მაღიარეს უდანაშაულოდ, მაგრამ ამის და მუხედავად კვლავ მოხდა წარმოუდგენელი რამ, ბრიტანული სამეფო სასამართლოს მოსამართლემ Andrew Mcdowall-მა იმის მაგივრად, რომ მოეთხოვა ბრალმდებლის დასჯა სასამართლოსთვის ყალბი ჩვენების მიცემისთვის და კომპენსაციის გადახდის დაკისრება, ვინაიდან რადგანაც ბრალმდებლის ყალბი ჩვენებების საფუძველზე, მე აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანმა 5 თვე უკანონო პატიმრობაში გავატარე, ამის სანაცვლოდ მოსამართლემ მიიღო უპრეცენდენტო თავის უკანონობით გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ, მოსმართლის გადაწყვეტილების თანახმად თუკი მე ესეიგი მსხვრპლს, მნახავენ სადმე ახლომახლოს ჩემზე თავდამსხმელ კრიმინალებთან ანუ იმ ბრალმდებელთან რომლის ყალბი ჩვენების საფუძველზეც ვომყოფებოდი 5 თვე უკანონო პატიმრობაში, ამას ბრიტანული სამეფო სასამართლო ჩამითვლის როგორც ჩემზე თავდამსხმელ კრიმინალთა შეწუხებად და ამისთვის მე ამჯერად უკვე 5 წლიანი პატიმრობა მემუქრება, ამ კანონით მოსამართლე ფაქტიურად ახალისებს კრიმინალებს რათა ისინი კვლავ დამესხენ თავს რადგან ამისათვის მაინც მე ვიქნები დამნაშავე. ბრიტანეთის, სამეფო სასამართლოს მოსამართლის, ცინიკური და უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე მე ნებისმიერ დროს შეიძლება გავხდე კრიმინალთა მორიგი თავდასხმის ან რაიმე სხვა სახის პროვოკაციის მსხვერპლი.

რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ამავდროულად ფაქტია, რომ მოსამართლეს იმის მაგივრად, რომ სასჯელი დაეწესებინა კრიმინალი თავდამსხმელისთვის და აეკრძალა თავდამსხმელისთვის მსხერპლთან მიახლოვება როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მოსამართლემ იგივე აკრძალვა და სასჯელი პირიქით, მსხვერპლს დაუწესა. რა გამოდის ამით? რომ ბრიტანეთში კანონი იცავს კრიმინალს? და თან ვისგან? მისივე მსხვერპლისაგან? ეს უკვე არის არა მარტო ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონობა, არამედ ეს არის ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს, მოსამართლის, მცდელობა შეურაწყოს მთლიანად ბრიტანული კანონმდებლობის რეპუტაცია. ყველაფერი ეს კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს კრიმინალთა მფარველის ანუ “კრიშის” არსებობას რომლის მითითების და მფარველობის გარეშეც ვერცერთი მოსამართლე ვერასდროს ვერ გაბედავდა მსგავს უკანონობას.

თქვენ წარმოიდგინეთ და სასამართლომ არ იკმარა ყველა ის უკანონობა რაც ჩემს წინააღმდეგ მოხდა და იმის მაგივრად, რომ მე მიმეღო კომპენსაცია ჩემი უკანონო პატიმრობისათვის, ამჟამად ბრიტანული სამეფო სასამართლო, პირიქით ჩემგან ესეიგი მსხვერპლისგან ითხოვს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდას.

სასამართლოს თანხის გამოძალვის მოთხოვნით უკვე 8 წერილი აქვს ჩემთვის გამოგზავნილი და თუ დროულად არ გადავიხდი სახში შემოჭრით და ჩემი პირადი საკუთრების დატაცებით მემუქრებიან, თან ამ დროს იგივე სასამართლო კატეგორიულ უარს მიცხადებს იმაზე რაზეც არის კანონოთ ვალდებული, გადმომცეს ჩემი სასამართლო ქეისი, რომ ის მაიც გავარკვიო რის საფუძველზე და რის თანხას ითხოვს სასამართლო მსხვერპლისგან, ესეიგი ფაქტიურად ხდება თანხის გამოძალვა და თან კანონის სახელით!

ბატონო პრეზიდენტო მინდა გკითხოთ მსგავსი რამ, რომ საქართველოში მომხდარიყო და ბრიტანეთის მოქალაქეს თავს დასხმოდენ ქართველი პოლიციელები, დაეტყვევებინათ და რაც მთავარია უკანონოდ 5 თვის განმავლობაში ყოლოდათ სახელმწიფო ციხეში დატყვევებული, ხოლო შემდგომ საკუთარი მსხვერპლისგან კომპენსაციის ნაცვლად, რომ ფულის გამოძალვა დაეწყოთ, ძალზედ საინტერესოა რა მოყვებოდა ყველაფერ ამას??? დარწმუნებული ვარ უდიდესი სკანდალი, ხოლო ბრიტანეთი კი ალბათ მთელ მსოფლიოს აიკლებდა საქართველოს ლანძღვით თუ რა უღირსად მოექცნენ მის მოქალაქეს. მართლებიც იქნებოდნენ და თუ ეს ასეა მაშინ რატომ არ უდა დადგეს საქართველოს მთავრობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ღირსების დასაცავად?

საქართველოს მედიით გავრცელდა იმფორმაცია, რომ საქართველოში ბრიტანეთის ლორდთა პალატის წარმომადგენლების ჩამოსვლა იგეგმება, ჰმ, დარწმუნებული ვარ დიდ პატივისცემას გამოთქვამენ ისინი საქართველოსა და მისი მოქალაქებისადმი და ალბათ ბევრს ილაპარაკებენ კანონის უზენაესობაზე, მაგრამ ძალზედ საინტერესოა როგორ უნდა დააჯერონ ვინმე საკუთარ გულწრფელობაში მაშინ როდესაც თავის ქვეყანაში რომელსაც კანონის უზენაეს ქვეყანად თვლიან, თურმე შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეს, ზუსტად იგივენაირად უღირსად მოექცნენ როგორც ეს შეიძლება მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში მოხდეს.

ბატონო პრეზიდენტო მოგმართავთ დახმარების თხოვნით რათა დაიცვათ თქვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები რითიც თქვენ იმავდროულად დაიცავთ დასავლური ღირებულებების რეპუტაციას!

ჩემგან თანხის გამძალვის პარალელურად უკვე 9 თვეა უშედეგოდ ვითხოვ სასამართლოსაგან მივიღო კანონით კუთვნილი ჩემი სასამართლო ქეისი, რათა გაირკვეს 2 საკითხი 1) რატომ მოხდა რომ საქართველოს მოქალაქე აბსოლიტურად უდანაშაულო პიროვნება 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში და თან დასავლური ღირებულებების სამაგალითო ქვეყანაში და 2) რატომ ხდება რომ ბრიტანეთის სამეფო სასამართლო ასე უღირსად და ცინიკურად ექცევა საქართველოს მოქალაქეს? იმის მაგივრად რომ კომპენსაცია გადაუხადოს მსხვერპლს უკანონო პატიმრობისთვის პირიქით მსხვერპლისგან ითხოვს თანხის გადახდას!

მადლობთ ყურადღებისთვის უღრმესი პატივიცემით საქართველოს მოქალაქე მუხრან ხუციშვილი.“

აღსანიშნავია ისიც, რომ droni.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მუხრან ხუციშვილმა დაინტერესებული პირებისთვის მისი ნაამბობის დამამტკიცებელი საბუთებისა და დოკუმენტების წარდგენის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100