სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამყაროს აღსასრული და ბიბლია

სამყაროს აღსასრულის დათარიღება არა თუ მართლმადიდებლური ტრადიციის საწინააღმდეგოა, ის ბიბლიასაც ეწინააღმდეგება. ქრისტე ამბობდა, რომ "იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მარკ. 13:32). სექტებიდან ამ მხრივ ყველაზე მეტად გაითქვა სახელი "მე-7 დღის ადვენტისტებმა", რომლებმაც დაიწყეს კიდევაც წინასწარმეტყველების ეპიდემია XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

თანამედროვე ტოტალიტარული სექტებიდან, ყველაზე მეტად სამყაროს აღსასრულის ვადის წინასწარმეტყველება უყვართ "იეჰოვას მოწმეებს", "ღვთისმშობლის ცენტრს", ბესარიონელებს, მორმონებს, ზოგიერთ რერიხელს, "მოზეიმე და უნივერსალურ ეკლესიას" და მისთანათ. სინამდვილეში ამ განცხადებას ეს დაჯგუფებები და მათი ლიდერები მიჰყავს ქრისტეანობის ფარგლებს გარეთ, რადგან ისინი ავლენენ გასაოცარ უნდობლობას ქრისტეს სიტყვების მიმართ.

ადამიანური თვალსაზრისით ასეთი მოსურვება გასაგებიცაა: ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მომავლის ცნობის მიდრეკილება. "მომავლის წვდომის" სურვილი - ადამიანის დაცემული ცნობიერების ალბათ ერთ ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა. მაგრამ, ის ეწინააღმდეგება ქრისტეანობის მთელ ლოგიკას: სამყაროს აღსასრულის ვადა არავინ იცის და ამიტომაც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ ქრისტესთან შესახვედრად.

გავიხსენოთ, რომ ქრისტეანები ყოველდღე ლოცულობენ სამყაროს აღსასრულისთვის. ყველაზე გავრცელებული ლოცვის "მამაო ჩვენოს" სიტყვებში არის ასეთი სტროფი: "მოვედინ სუფევა შენი". ეს არის მოწოდება ღმრთისადმი რათა მალე მოვიდეს. ეს არის ღაღადისი ღმრთის მიმართ, რათა მან დააჩქაროს ის მოვლენები, რომლის შესახებაც სიმბოლური მინიშნებებით მოგვითხრობს აპოკალიფსისი.

რაც შეეხება თვით აპოკალიფსისს, მასში არ არის მოცემული არც ერთი თარიღი. მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს ბიბლიის ისტორიულ უსუსურობაზე (несостоятельности) (თითქოსდა, მისი წინასწარმეტყველებები არ აღსრულდა!), როგორც უყვარს ამის კეთება თანამედროვე ათეისტურ კრიტიკას. ეს არის სიმბოლოთა წიგნი. ის სამყაროს აღსასრულზე დაფარული სიმბოლოებით, განსაკუთრებული ენით მოგვითხრობს. .

ზუსტად ასე, სიმბოლოთა ენით მოგვითხრობს სამყაროს შექმნის შესახებ მისი პირველი წიგნი - წიგნი დაბადებისა. ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს შექმნის ბიბლიური სურათი ეწინააღმდეგებოდეს მეცნიერებას. ბიბლია ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის სახელმძღვანელო როდია. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლია არც ისტორიის სახელმძღვანელოა და არც სამკითხაო თუ სამარჩიელო წიგნი. მაში ლაპარაკია მხოლოდ უმთავრესზე, რომ ისტორია მივა თავის აღსასრულამდე, და ეს ფინალი დედამიწაზე ანტიქრისტეს 3,5 წლიანი მეფობით დასრულდება, რომელიც გააერთიანებს ყველა სახელმწიფოს, გახდება მსოფლიო იმპერატორი და უსასტიკეს დევნას დაუწყებს მათ, ვინც ქრისტეს ერთგული იქნება. შედეგად, მსოფლიო ისტორია ღმრთის უშუალო ჩარევით დასრულდება.

მათეს სახარების 24-ე თავში მოცემულია იესუ ქრისტეს მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები. ის ბრძანებს, რომ სამყაროს აღსასრული დადგება მაშინ, როდესაც სახარება ქადაგებულ იქნება მთელს დედამიწაზე და ის ცნობილი იქნება ყველა ხალხისთვის (მათე 24:14). ეს ნიშნავს, რომ სანამ დედამიწაზე არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოისმინონ სახარება და მიიღონ იგი, მაგრამ ჯერ ამისი ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ, მეორედ მოსვლა არ იქნება.

მეტიც, თვით ღმერთს შეუძლია შეცვალოს თავისი წინასწარმეტყველება, რადგან ბიბლიის ღმერთი - უსახური ბედისწერა ან დაუნდობელი ფატუმი კი არ არის, არამედ ცოცხალი, პიროვნული ღმერთი. წმიდა წერილში არის იონა წინასწარმეტყველის წიგნი. ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში უფალმა ქალაქ ნინევიაში გააგზავნა წინასწარმეტყველი რათა ემცნო მის მცხოვრებთათვის, რომ თუ არ შეინანებენ თავიანთ ცოდვებს, ქალაქი განადგურდება. ნინევიელებმა შეინანეს და ღმრთის წინასწარმეტყველება შეიცვალა. თუ ჩვენს დროებაში გადმოვინაცვლებთ, შეგვიძლია იგივე ვივარაუდოთ: შესაძლოა ღმერთმა სამყაროს აღსასრული გადასწია იმ ადამიანთა გამო, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ სახარების მოსმენა და ქრისტესკენ მოქცევა.

სიტყვას "წინასწარმეტყველება" მრავალი აღიქვამს, როგორც მომავლის წინასწარ უწყებას. მაგრამ ეს მთლად ასე როდია. ბიბილიაში წინასწარმეტყველება - უპირველეს ყოვლისა, ღმრთის ნების გამოცხადებაა. ის შეიძლება აისახოს როგორც მომავალზე, ასევე წარსულსა და აწმყოზე. ბიბლიის ნებისმიერ წინასწარმეტყველება იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთს სურს ადმიანის ცხოვნება, სურს, რომ ოდესღაც მისგან განდგომილი და დაცემული ადამიანები მას დაუბრუნდნენ. და როდესაც აპოკალიფსისი საშინელ კატასტროფებზე ლაპარაკობს, ის, უპირველეს ყოვლისა ადამიანებს სინანულისა და ღმრთისკენ დაბრუნებაზე მოუწოდებს. თუმცა, თვით აპოკალიფსისი ამბობს, რომ მრავალ ადამიანს სრულიად საპირისპირო რეაქცია ექნება...

ღმერთი აკავებს ბოროტებას ჩვენს სამყაროში, მაგრამ სამყაროს აღსასრულის წინ, გარკვეულ მომენტში ის ამას აღარ გააკეთებს და ბოროტება მთელი თავისი სისასტიკით დაეცემა კაცობრიობას, და ეს იმიტომ, რომ უკანასკნელ ჟამს მაინც შეინანონ ადამიანებმა თავიანთი საქციელი.

ამ მომენტში ქრისტეანების ტანჯვა განსაკუთრებულ როლს ითამაშებს: ისინი თავიანთ სულებს დადებენ მოყვასთათვის. მე მინდა გავიხსენო ისტორია, რომელიც ერთ ერთ ეგვიპტურ პატერიკშია მოთავსებული და გვიყვება ბერზე, რომელსაც მრისხანებისა და სიძვის ვნებები ებრძოდნენ. ის მრავალგვარ ასკეტურ ღვაწლს იღებდა თავზე რომ ეძლია ეს ვნებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა ბილწი ვნებები არ შორდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოსაგრე ბერი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და გადაწყვიტა, რომ წყალწაღებული და უსასოო ადამიანია. ბერმა ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიას მიაშურა და იქ დუქნებსა და საროსკიპოებს მიეძალა.

ერთხელაც ის დათვრა, იჩხუბა და კაცი მოჰკლა. ღამით რომელიღაც ბნელ ორმოში გაიღვიძა მის მიერ მოკლული კაცის გვამის გვერდით. ამ დროს შეიგნო მან თავისი უბადრუკი მდგომარეობის მთელი საშინელება, ევედრა ღმერთს და უეცრად, ის ვნებები, რომლებიც ამ ადამიანს ებრძოდნენ, მყის მოსცილდა. ასეთი სიძლიერის იყო იმ მომენტში ბერის სინანული და ამდენადვე გულწრფელი იყო მისი ლოცვა. ერთხელ მეგობრები ერთად ვარჩევდით ამ შემთხვევას და ერთმა იკითხა: "და რა ბედი ეწია მოკლულ ადამიანს?" ვიღაცამ თქვა: "ჩვენ არ ვიცით როგორი კაცი იყო ის, ვინც ბერმა მოკლა, მაგრამ თუ ქრისტეანი იყო, ახლა ალბათ უზომოდ ბედნიერია და ცაში ხარობს, რადგან საკუთარი სიცოცხლის ფასად წარწყმედილი ადამიანის სული გადაარჩინა".

რატომ ხედავს თანამედროვე კაცობრიობა აპოკალიფსისში მხოლოდ კატასტროფას და ვერ ხედავს ყველაზე მთავარს - ქრისტესთან შეხვედრას? ეს შეხვედრა ჩვენი ცივილიზაციის ინტერესების ჩარჩოებს სცილდება. რადგან ის ღმრთისგან ავტონომიურად ცხოვრობს, აპოკალიფსისში ის ხედავს სხვადასხვა მომავალ უბედურებათა კალეიდოსკოპს. საინტერესოა, თუ ვიტყვით, რომ, თანამედროვე კინომატოგრაფიულ კულტურაში სამყაროს აღსასრულის შეჩერება ყოველთვის ადამიანური ძალისხმევით, ადამიანის გმირობით ხდება. არსებითად, ეს არის აპოკალიფსისის დამახინჯებული გაგება, სადაც ღმერთი უარყოფილია და კაცობრიობა თავის გადასარჩენად და ამ უღმრთო სამყაროში ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად თვითონ, საკუთარი ძალისხმევით, ღმრთის გარეშე იბრძვის.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100