სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ლექვინაძე: "ხუდონის მშენებლობა ნიშნავს ტარიფების ზრდისგან თავის დაზღვევას"

"საქართველოში ჰიდროენერგიის გენერაციის სტრუქტურას რომ გადავხედოთ, წარმოებული ენერგიის 44% მოდის მხოლოდ ენგურჰესზე. ერთ ობიექტზე მსგავსი მასშტაბის დამოკიდებულება საფრთხის შემცველია ბევრი რისკფაქტორის გამო, ამიტომ აუცილებელია გენერაციის დივერსიფიცირება. უნდა დაიწყოს მსხვილი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობა, რათა გენერაციის სექტორი იყოს ეფექტური. გარდა ამისა, ენგურჰესის ნაწილი არის ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილზე. მართალია, დღეს ეს პროცესი დარეგულირებულია, მაგრამ რისკები არსებობს და საჭიროა მისი ალტერნატივების არსებობა" _ განაცხადა დღეს გამართულ კონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძემ.

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კონფერენციაზე:" ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები" მონაწილეობენ თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებიდან; წარმომადგენლები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან, ასევე, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებიდან.

ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა" და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ზემოაღნიშნული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე აუცილებელია გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია, სადაც წამყვანი საკითხი იქნება ჰიდრორესურსების პოტენციალის ეფექტური ათვისება, ალტერნატივების შესწავლა, მდინარეების სიმძლავრეების შესწავლა და საინვესტიციო პროექტების შესაბამისად მომზადება.

"ამ გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ხუდონის მშენებლობა, რომლის შეფერხებაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი სიმძლავრეების ათვისებას. ხუდონის შენება ნიშნავს მომავალში გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ტარიფების ზრდისაგან თავის დაზღვევას, გაზრდილ საექსპორტო პოტენციალს, 1.2 მლრდ. აშშ დოლარიან ინვესტიციას და კიდევ უფრო გაზრდილ ინტერესს ადგილობრივი ენერგოსექტორში ინვესტირების მიმართულებით. ეს ნიშნავს დასაქმების მაჩვენებლის ზრდა და სვანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს ბიუჯეტში. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას." _ განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100