თავდაცვის სამინისტრო: "ხუდონის მშენებლობა ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს არ შეასუსტებს"

"ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ შეასუსტებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს" - ასეთია თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომელიც უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივასადმი" გაგზავნილ საპასუხო წერილში დააფიქსირა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემოსულ თქვენს 2014 წლის 27 იანვრის წერილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ხუდონის ჰიდროელქტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის კუთხით შესწავლა/ შეფასებასთან დაკავშირებით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, გაცნობებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უცნობია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის დეტალები, ხოლო ღია წყაროებზე და საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ შეასუსტებს თავდაცვით შესაძლებლობებს. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პროექტზე თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაცია (მონაცემები, გათვლები, ანალიტიკური ანგარიშები და სხვა სახის დოკუმენტები) არ არის დაცული"-თავდაცვის სამინისტროს წერილი 2014 წლის 19 თებერვლით თარიღდება.

ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელიც, ძირითადად ორი თემით აპელირებენ: მათი თქმით, ჰესის მშენებლობით საქართველო-რუსეთის საზღვარი მოშიშვლდება, რაც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას დაასუსტებს. მათი მეორე არგუმენტი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ეხება, თუმცა როგორც თავდაცვის, ასევე კულტურის სამინისტროს პასუხებიდან ირკვევა, რომ ორივე არგუმენტი უსაფუძვლოა.

კომენტარი