ექსპერტი: წყალი არის ჩვენი „ნავთობი“ და „გაზი“ და ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს

ხუდონჰესის აშენება, საქართველოსთვის არის ის, რაც აზერბაიჯანისთვის იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენების პროექტების განხორციელება. წყალი არის ჩვენი „ნავთობი“ და „გაზი“ და მისი აუთვისებლობა იქნება დანაშაული, - მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილს.

მას არ ახსენდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში ისეთი მასშტაბის ინვესტიცია, რაც ამ პროექტის განხორციელებაზე იგეგმება.

„წინა პრემიერის, გილაურის ოფისში მუშაობისას შევხვდით „ტრანს ელექტროკა ჯორჯიას“ წარმომადგენლებს მუმბაიში და მაშინ პროექტის ინვესტიცია 900 მლნ აშშ დოლარი იყო. წლების მანძილზე ჰესების მშენებლობა ძვირდება და ამჟამად პროექტი 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს უზარმაზარი ინვესტიციაა და მის განხორციელებას საფრთხე არ უნდა შეექმნას“, - მიაჩნია ექსპერტს.

გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ხუდონჰესის მასშტაბის პროქტების განხორციელება 5-10 წელიწადს მოითხოვს და ამ პერიოდში ქვეყნის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გაიზრდება და შესაძლოა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდეთ: „ჰესი არაა ტანსაცმელი, რომ წახვიდე მაღაზიაში და წამში იყიდო“.

„ამ პროექტის განხორციელება არის ჩვენი შანსი და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - მიაჩნია ექსპერტს და დასძენს, რომ აუციელებლია სწორი კომუნიკაციის წარმოება მოსახლეობასთან, რომელთა გაგება შეიძლება, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა აუხსნან, რომ მიღებული კომპენსაციით, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას შეძლებენ.

კომენტარი