სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით მირცხულავა: "სისტემატური შეტევები ენერგოპროექტებზე ორგანიზებულად ხდება"

დღეს, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, ბიზნესპალატისა და ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკის" ორგანიზებით, თბილისის ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა.

ფორუმის თემა იყო საქართველოს 2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა 2013 წლის მიღწევები და ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციები განიხილეს, ასევე ეკონომიკური ზრდის პრობლემებზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ აღნიშნულ სფეროში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

"როდესაც ენერგეტიკასა და ეკონომიკის კორელაციაზეა საუბარი, არსებობს ორი ძირითადი მიდგომა: პირველი _ ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის ფუნდამენტურ საფუძველს და მე ამ დასკვნას სრულიად ვეთანხმები. მეორე _ ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ და არა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს.

საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ ენერგოეფექტურობის შესახებ. მე მინდა ერთი ნაშრომი მოვიტანო, სადაც განსხვავებული შეფასებაა, რომ ენერგოეფექტურობის ზრდამ შესაძლოა მიგვიყვანოს ენერგომოხმარების ზრდასთან." _ განაცხადა მირცხულავამ

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში გადამეტებულ როლს ანიჭებენ ენერგოდაზოგვას, თუმცა ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის როლის გადამეტებულმა შეფასებებმა შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების შემცირება მილევადი ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხისადმი სხვა ენერგორესურსებით, რაც ყველაზე აქტუალური და პრობლემური ამოცანაა.

დავით მირცხულავა: "ჩვენს შემთხვევაში, ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან 70-75%-ით დამოკიდებულები ვართ იმპორტირებულ ენერგორესურსზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად უამრავი პროექტი იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთი ხუდონჰესის პროექტიცაა, ასევე საუბარია 700 მილიონიან პროექტზე აჭარისწყალზე. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ რაღაც სისტემატური შეტევებია მსგავსი სახის პროექტებზე და ეს ყველაფერი ისე ორგანიზებულად ხდება, არა მგონია სპონტანური ხასიათი ჰქონდეს. გარკვეული ჯგუფების მიერ უნდა იყოს დაგეგმილი და საუბარია არა მხოლოდ ქართულ ჯგუფებზე.

წელს, შეიძლება ორივე პროექტის განვითარება დაიწყოს. მარტო ხუდონს, პირველ ეტაპზე, შეუძლია 400 მილიონის ინვესტიციის განხორციელება და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკაში 100 მილიონი ჩადოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაურკვეველი ჯგუფების მიერ შექმნილი საპროტესტო მუხტი, ფაქტია, ქვეყნის კეთილდღეობის საქმეს არ ემსახურება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100