სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარინა გულედანი: ელექტროენერგიის ექსპორტი ლარის გამყარების კარგი საშუალებაა

თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ენერგეტიკული კუთხითაც მხარი დავუჭიროთ, მაშინ მნიშვნელოვანია ხუდონის ტიპის ბაზისური ჰესის მშენებლობა. ამ ტიპის ჰესი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, – მიიჩნევს CFS საინვესტიციო ბანკის დირექტორი, მარინა გულედანი და აღნიშნავს, ჰესის მშენებლობისთვის აუცილებელია ყველა ეკოლოგიური რისკის გათვალისწინება, მათი მინიმიზება და პროექტის უმაღლესი სამშენებლო თუ ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით შესრულება.

„მომხრე ვარ ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობის, მათ შორის კაშხლიანი სადგურების, რადგან შიდა მოხმარების დაკმაყოფილება ზამთრის პერიოდში რთულია “დარეზერვებული” წყლის გარეშე. დიდი სადგურების მეშვეობით შესაძლებელია ზამთარში შიდა მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება და იმპორტის ჩანაცვლება. მე ვთვლი, რომ ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშნვნელოვანია ერთი ასეთი ტიპის ჰესის მშენებლობა, არ ვიცი ეს ხუდონი იქნება თუ სხვა ჰესი, მაგრამ საქართველოს, განსაკუთარებით ზამთრის პერიოდში დეფიციტის შესავსებად, კაშხლიანი ჰესის არსებობა სჭირდება“, – აცხადებს გულედანი და დასძენს, რომ თუ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება და უნდა განვითარდეს, აუცილებელია გენერაციის სიმძლავრეებიც იზრდებოდეს, მით უფრო როდესაც ქვეყანას ამის პოტენციალი გააჩნია.

ზამთრის პერიოდში, საქართველო მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და მეზობელი ქვეყნებიდან, ძირითადად რუსეთიდან იმპორტის განხორციელება უხდება, ამ ფონზე ჰიდროელექტროსადგურების ალტერნატივად თბოსადგურები განიხილება, რაც გულედანის შეფასებით, „როგორც წესი ეკოლოგიურად უფრო მავნე და უფრო ძვირია“.

კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი ჰესების მშენებლობაში ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალია.

„რა თქმა უნდა ჰიდრორესურსი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალია და კარგი საშუალებაა სავალუტო რეზერვების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. საქართველოში ზოგიერთი ე.წ. გამავალი წყლის სადგური სწორედ ზაფხულის პერიოდში არსებული ჭარბი ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის გათვლით შენდება. ასეთი ჰესები კაშხალს არ საჭიროებენ. დაგეგმილი ჰესების ნაწილიც რომ აშენდეს, საქართველოს არც ეყოფა არსებული თურქეთში გადამცემი ხაზის სიმძლავრე, რომ ექსპორტი სრულად უზრუნველყოს და დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზ(ებ)ის მშენებლობა დასჭირდება“, – ამბობს მარინა გულედანი.

ჰიდრორესურსების ათვისებისას ერთ–ერთ მთავარ პრობლემად CFS საინვესტიციო ბანკის დირექტორი გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ სუსტ კანონმდებლობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამ კანონმდებლობის დახვეწაა საჭირო. ეკოლოგიური რისკები რიგ პროექტებში მცირდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, რადგან პროექტების განხორციელებისას სავალდებულოა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

ხუდონჰესის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სტანდარტების გათვალისწინებით ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100