როგორ მიულოცა ამერიკიდან დედამ გარდაცვლილ შვილს აღდგომა?!

მორიგ საფლავზე შევაბიჯე იგივე ტექსტით– ,,ქრისტე აღდგა!'' მიპასუხეს ,,ჭეშმარიტადო''

საფლავზე დავდე წითელი კვერცხი და უცნაური ტირილის ხმამ, უნებლიედ სმენად მაქცია...

ვიდრე კითხვებით გავიგებდი, სრული სიჩუმის მიზეზს– ,,ნანა რეკავსო ამერიკიდან, გიოს ულოცავსო აღდგომას''...

მეც შევუერთდი სრულ სიჩუმეს და ცოტა ხნის შემდეგ, გარკვევით გავარჩიე სიტყვები დედის...

საფლავზე, ყვავილებს შორის, მზის შუქზე გაბრწყინებული ოქროსფრად მოვარაყებული ბოლო თაობის მობილური ტელეფონიდან, სხვა კონტინენტზე გადახვეწილი დედა, ვინ იცის მერამდენედ, დასტიროდა შვილს, 22 წლის ულამაზეს ბიჭს...

ამ ტრაგედიის მონაწილე გავხდი და სხვა გზა არ მქონდა, უნდა მესმინა გამწარებული დედისათვის, ისევე როგორც ჩემს მისვლამდე უსმენდა ყველა... დედა ტიროდა, და მოთქმა –გოდებაში პატიებას სთხოვდა შვილს...

ეს იყო ტანჯვის რამდენიმე წუთი...

წამოსვლა რომ დავაპირე, მერე გამოფხიზლდა მამა და ჭიქა მომაწოდა ხსოვნის სათქმელად...

ვთქვი და უკან დავაბრუნე სავსე სასმისი...

,,უნდა დალიო!'' მკაცრად მითხრა... ,,შესანდობარი ბოლომდე უნდა დალიო!''

დავლიე, ზედმეტი იყო აქ იმაზე ფიცი–მტკიცი, რომ საერთოდ არ ვსვამ...

წამოვედი...

რაზე გინდა იფიქრო ახლა?!

შვილმკვდარ დედაზე ფიქრით მოცული, შინმოსული ვრთავ კომპიუტერს და ...

რა ჰქვია ამას?!

თქვენ გეკითხებით!

რა ჰქვია ამას?!

კომენტარი