სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიცანით! ესენი ცნობილი ადამიანების უცნობი ცოლები არიან

ისინი მუდამ ყველაზე მყუდრო, უშფოთველ მდგომარეობასთან ასოცირდებიან: მოხერხებულ სავარძელთან ტელევიზორის წინ, სასადილო მაგიდასთან, სადაც ყოველთვის არის ის, რაც ძალიან გიყვარს; ქვემოდან დანახულ ფანჯარასთან - საიდანაც მუდამ გელიან; ჩუმ "დილა მშვიდობისა"-სთან. ისინი ხომ განწყობის შესაბამისი სასაუბრო თემების შერჩევის უბადლო ოსტატები არიან! ყველაზე უკეთ შეუძლიათ ჩრდილში მოკრძალებულად ყოფნის მოხდენა, გრძელი დღის მერე, დაღლილების ღიმილით შეგებება.

- ისინი, ხომ მათი მეუღლეები არიან!

გაიცანით! საზოგადოებისთვის ცნობილი, მუდამ დაკავებული და სატელევიზიო სტუდიების ხშირი თუ იშვიათი სტუმრების ცხოვრების თანამგზავრები სწორედ ასეთები არიან!

მარიკა ჭიჭინაძე

გოგა ხაინდრავას მეუღლე

მსახიობი

თეატრი - ეს არის ადგილი, რომელიც სულ პირვანდელ, ბავშვობის უძველეს მოგონებებთან ერთად ახსენდება. მამაც მსახიობი ჰყავდა და ეს ჯადოსნური, იდუმალი სამყაროც თავიდანვე მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. მხოლოდ მოგვიანებით, თეატრალურ ინსტიტუტში მიხვდა, რომ ურთულესი პროფესია აირჩია.

"გამიმართლა, ლილი იოსელიანის ჯგუფში რომ მოვხვდი. სწორედ მან დამანახა, რომ სინამდვილეში მსახიობობა ფსიქოლოგობას, ადამიანთმცოდნეობას ნიშნავს. გაინტერესებს და გიყვარს ადამიანი და მისი ცოცხალი შეგრძნებები. ხარ მუდამ მომართული, რომ პიროვნებები - თავიანთი წარსულით, ბიოგრაფიით ამოიცნო და მერე ეს წამიერი განცდები და ემოციები შენს როლებში გააცოცხლო."

რუსთაველის თეატრის დასის წევრია და ახალ სეზონზე "ჰამლეტში" არაერთგზის შესრულებულ გერტრუდას როლში, მაყურებლის წინაშე ისევ წარდგება. თვლის, რომ ნებისმიერი პროფესიის დაუფლებას დაუღალავი შრომა სჭირდება. ამ შრომაში კი ადამიანობის შენარჩუნებაა ძნელი.

"ადამიანობის და სულიერების დაკარგვის მეშინია. ჩვენს თაობას ნაკლებად ჰქონდა მატერიალისტური მისწრაფებები. ვიყურებოდით ცაში და გვიხაროდა. ახალი თაობის გამბედაობა, უშიშრობა მომწონს. მაგრამ თან მგონია, რაც ბუნებასთან კავშირი დაიკარგა, ტექნიკის და ცივილიზაციის უეცარმა განვითარებამ ადამიანს სულიერება დააკარგვინა."

ბედნიერების აღქმაც თავისებური აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ოჯახი და საყვარელი ადამიანები არიან. სწამს, რომ ქვეყანაზე სიყვარულისთვის მოვიდა. "ადამიანები გვიან ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიყვარულშია. დილით რომ ვდგები, ვხედავ აზიდულ ხეებს და ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, გვერდით კი საყვარელი ადამიანების სიახლოვეს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ვცოცხლობ! ბედნიერების განცდაც სწორედ ეს არის."

მაიკო გელოვანი

ნიაზ დიასამიძის მეუღლე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი

"5 წლის ვიყავი, პირველად ოპერისა და ბალეტის თეატრში, დეიდაჩემის, მანანა ეგაძის სანახავად რომ მივედი. მაშინ ბიზეს "კარმენი" იდგმებოდა და მანანა კარმენის პარტიას ასრულებდა. გაიღო დიდი ხის კარი და უეცრად სრულიად უცხო და ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი: გამაოგნა ოპერის თეატრის სიდიდემ, უზარმაზარმა დარბაზებმა, ვეება გაბრდღვიალებულმა ჭაღმა. ეს ადგილი სახლივით შემიყვარდა და იმ დღის მერე, თეატრის ხშირი სტუმარი გავხდი. დავსეირნობდი კორიდორების უსასრულო ლაბირინთებში, ვიცოდი ყველა გასასვლელი. სპექტაკლის დაწყებამდე, კულისებში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ემზადებოდნენ მსახიობები სცენაზე გასასვლელად. სახლში დაბრუნებული კი დიდი მოდნომებით ვმღეროდი კარმენის "ხაბანერას".

მახსოვს ის სპეციფიური, კულისებისთვის დამახასიათებელი (ფარდების, სცენის, დეკორაციების და კოსტიუმების ნაზავი) სუნი, რომელიც თეატრალური ინსტიტუტიდან თეატრში მისულს ისევ იქ დამხვდა. მაგრამ სადღაც გაქრა ბავშვობისდროინდელი ჯადოსნურობის შეგრძნება. თეატრში სულ სხვა - რეალური და მკაცრი სამყარო დამხვდა. იყო ბევრი სიხარული და გულის ტკენა, წარმატებული და ჩავარდნილი როლები - აი, ეს არის ჩემთვის ნამდვილი თეატრის ცხოვრება, რომელიც თავდაუზოგავ შრომას და სიყვარულს მოითხოვს. მართლა არ არის ადვილი, მაგრამ ეს ყველაფერი იმ წამებად ღირს, როდესაც ფარდის უკან დგახარ და სუნთქვაშეკრული ელოდები: გესმის ტანსაცმლის შრიალი, ლაპარაკი, დარბაზი ნელ-ნელა ივსება, მერე შუქი ქრება და იწყება - ყოველთვის ახალი და სხვანაირი. სპექტაკლი ხომ არასდროს მეორდება.

ნესტან ციციშვილი

დათო მაღრაძის მეუღლე

ფილოლოგი

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი

დღეს ადრე იწყებს. პროფესიით ფილოლოგი, ბოლო 7 წელი განათლების სისტემაში მუშაობს. ამჯერად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პროგრამაში საგანმანათლებლო პროექტებს ხელმძღვანელობს. "მომწონს ჩემი სამუშაო, რადგან მჯერა, მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები." გრძელი და დატვირთული დღის მერე, საღამოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. ამ დროს ისვენებს.

უყვარს მოგზაურობა. ახალი კულტურების, ხალხების, მათი ინტერესების და მისწრაფებების გაცნობა. წარუშლელი შთაბეჭდილება მას პარიზმა და ნიუ იორკმა დაუტოვა. "იქაური თავისუფლების სრული განცდა კარგა ხანს გამომყვა."

ადამიანებში შინაგან თავისუფლებას, გონიერებას აფასებს. "თავისუფლების შეგრძნება არასდროს არ უნდა დაიკარგოს. შვილების აღზრდაშიც, ვფიქრობ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი - თავისუფლება. ცხოვრებაში ისინი არჩევანს მაინც თვითონ გააკეთებენ. ამიტომ იმისათვის, რომ ღირებულებათა სისტემა სწორად ჩამოუყალიბდეთ, სჯობს არა მითითებებით და დირექტივებით, არამედ მაგალითებით აღიზარდონ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100