ანაკლიაში მულტიფუნქციური პორტი აშენდება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მომავალი კვირიდან გამოცხადდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სხდომაზე საპარტნიორო ფონდის დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, რომ პორტის მშენებლობისთვის საუკეთესო ლოკაციის შერჩევის მიზნით საპარტნიორო ფონდმა კვლევა დაასრულა. შესწავლილ იქნა შავი ზღვის სანაპიროზე, ენგურსა და ჭოროხს შორის 10 ლოკაცია, საიდანაც ანაკლია შეირჩა.

ანაკლიაში აშენდება მულტიფუნქციური პორტი, რომელიც დიდი ტევადობის გემებს მოემსახურება. ალტერნატიულ ლოკაციებთან შედარებით ანაკლიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ნავსადგურს აქვს გაფართოების და განვითარების პერსპექტივა და კარგი წვდომა ზღვის ღრმა კანიონზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ანაკლიის ადგილმდებარეობა გამოირჩევა კონკურენტული უპირატესობებით და მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.

კომენტარი