სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოზარ სუბარი გუბაზ სანიკიძემ ბინიდან ამოწერა, რის გამოც სუბარმა ხმა ვერ მისცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი გუბაზ სანიკიძემ ბინიდან ამოწერა, რის გამოც სუბარმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
როგორ "ინტერპრესნიუსს" სუბარმა განუცხადა, დღევანდელი გაუგებრობის მიზეზი "ძალიან სასაცილო და ბანალურია".
"გაირკვა, რომ არსად არ ვარ მიწერილი და ხმას ვერ მივცემ. საქმე ისაა, რომ ქუჩას შეეცვალა ნომრები. ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის #43-ში და დღესაც ქუჩის მხრიდან მიკრული აქვს ეს ნომერი, ნასყიდობის დოკუმენტშიც #43 წერია, ახალი გადანომვრით #49 გამხდარა. ამჟამინდელ #43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩევნებზე კი გამიკვირდა, როდესაც გუბაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბარათები მასთან მიიტანეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეეშალათ, რადგან ჩვენი ბინის ნომრები ერთმანეთს დაემთხვა და აღარ მიმიქცევია ყურადღება. მაშინ ჩვეულებრივად მივეცი ხმა. ამასობაში გუბაზის ოჯახმა რომ ნახა, რომ მე მათ ბინაში ვარ ჩაწერილი შეცდომით, მიმართეს შესაბამის უწყებას, გაასწორეთო. იქიდან კი ამომწერეს, მაგრამ არც მე შემატყობინეს, არც გუბაზს და დროულად ვერ მოხერხდა, რომ ჩემს ბინაზე რეგისტრაცია გამევლო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა დღეს უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ტურზე და, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ მისი ხმა გადამწყვეტი არ იქნებოდა.
საარჩევნო უბანზე მისულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს ხმის მიცემა ვერ შეძლო, ვინაიდან იგი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100