სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა.

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხების გაფლანგვას. სააკაშვილთან ერთად ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც წარედგინა.

გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება. ამის შემდეგ, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.
დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას.
თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ,,საიდუმლო’’ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილ იქნა ჯამში 5 952 500 ლარი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით ,,საიდუმლო’’ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.
2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, საიდუმლო ფორმით ხდებოდა პრეზიდენტის ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. თანხების ჩამოწერას გრიფით ,,საიდუმლო’’ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. ხსენებულ პატაკებს გრიფი ,,საიდუმლო’’ ენიჭებოდა ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის’’ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. კერძოდ: სასტუმროს მომსახურებისათვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 074 611 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 916 017 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 403 966 ლარი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 280 196 ლარი,კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის - 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად - 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად - 576 508 ლარი.
თვალსაჩინოებისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი უფრო დეტალურად:
მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალიაუსოვებისსასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთებისშესაძენად - 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერისდაქირავებისათვისგადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვისგადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.
ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.
ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100