ჰოლანდიაში ნარკოტიკები იკრძალება

ვიდრე საქართველოში საზოგადოების ნაწილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის იბრძვის, ჰოლანდია მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალურ გაყიდვას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ევროპის ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში, მარიხუანას და სხვა მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალური გაყიდვის ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ ბრძანება ძალაში შევიდა.

ამას გარდა, სტარტი აიღო სახელგანთქმული coffee shops - ის რეფორმამაც. ხელისუფლება უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვისვე გეგმავს, რომ ამ კუთხით შესაბამისი მკაცრი სანქციები შემოიღოს.

როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდამდე, ჰოლანდიის ხელისუფლება ევროპაში მსუბუქი ნარკოტიკებისადმი მკვეთრად ლიბერალური კანონებით და მიდგომებით გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო ქვეყანაში დიდი ტურისტული ბუმის მიზეზი.

ახალმა კოალიციურმა მთავრობამ (რომლის შემადგენლობაშიც ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია შედის და ქვეყნის ემიგრანტებით გადავსების რადიკალური მოწინააღმდეგეა), ნარკოტურიზმთან შეურიგებელი ბრძოლა გამოაცხადა.

სამაგიეროდ, ნაციონალისტებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიური რეკლამირება დაიწყეს. მათივე აზრით, ჰოლანდიაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება ლეგალურ ნარკოტიკებთან პირდაპირ კავშირშია.

წლის ბოლომდე, ქვეყნის სამ პროვინციაში (ზელანდიში, ლიმბურგში და ჩრდილოეთ ბრაბანტში) საპილოტო პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც შემდეგ წელს მთელ ქვეყანას მოიცავს. პროექტის თანახმად, coffee shops გადაიქცევა დახურულ კლუბებად, სადაც აუცილებელი იქნება რეგისტრაცია. კლუბში გაერთიანება მხოლოდ ჰოლანდიის მოქალაქეებს შეეძლებათ და წევრების რაოდენობა შეზღუდული იქნება.

ქვეყნის კულტურულ და საქმიან დედაქალაქში, ამსტერდამში, ბოლო დრომდე, დაახლოებით 220 coffee shops მოქმედებდა. მათგან ნაწილი, რომელიც ცნობილ წითელი ფარნების კვარტალშია განთავსებული, უკვე დაკეტილია. საზოგადოების ნაწილის განცხადებით, ეს რეფორმა ქვეყანაში სიტუაციას გაამწვავებს, ხოლო მარიხუანას და ჰაშიშის გაყიდვა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.

კომენტარი