სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაზინო „ოლიმპის“ თანამშრომლები მფლობელსა და დირექტორს თაღლითობაში ადანაშაულებენ

„დრონი.ჯი“-ს ხელში ჩაუვარდა ოფიციალური ჩვენება. ამ დოკუმენტიდან ირკვევა რომ ვაგზლის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან მდებარე კაზინო „ოლიმპის“ თანამშრომლები დირექტორატს თაღლითობაში ადანაშაულებენ.

ერთმა ნაწილმა უკვე მიმართა შემოსავლების სამსახურს ოფიციალური ჩვენებით. ჩვენებაში წერია რომ კაზონის მფლობელების მხრიდან ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ მოპყრობას მომხმარებლისადმი.

მეტი თვალსაჩინოებისათის, „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ოფიციალური ჩვენების ასლს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა ექსკლუზიურად მოიპოვეს.

საქმე ისაა რომ ე.წ. სათამაშო აპარატებზე, უკან გასაცემი თანხა არანაკლებ 80 პროცენტს უნდა შეადგენდეს. ე.ი. აპარატმა მომხმარებლებს შორის, შესული თანხის 80 პროცენტი უნდა გაათამაშოს.

თუმცა, „ოლიმპის“ თანამშრომელი ქალბატონები ამტკიცებენ რომ მფლობელი და დირექტორი კანონს არღვევენ, რადგან ნაცვლად 80 პროცენტისა, იქ მდებარე აპარატები მხოლოდ 20 პროცენტს აბრუნებენ უკან.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ ჩვენების მიხედვით, მოთამაშეს, სლოტ კაზონო „ოლიმპში“ მოგების 60 პროცენტით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ეს კანონითაა დადგენილი.

„მოგახსენებთ რომ ვმუშაობ შპს „ოლიმპში“, მისი გახსნის დღიდან - 2014 წლის 15 იანვრიდან.

ბევრჯერ მივუთითე დირექტორს რომ დაეცვა კანონის მოთხოვნები. კერძოდ, სათამაშო აპარატის გაცემა უნდა იყოს არანაკლებ 80 პროცენტისა, ხოლო „ოლიმპში“, 1-დან 39-ე აპარატის ჩათვლით, დაყენებულია 20 პროცენტიანი გაცემის სისტემა.

ეს მდგომარეობა იწვევს მუდმივ უკმაყოფილებას მომხმარებელში. გთხოვთ დაუყოვნებლივ აღკვეთოთ არსებული უკანონობა შპს „ოლიმპში“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, იქ უამრავი უკანონობა ხდება, მაგრამ მთავარი, ვფიქრობ მაინც მომხმარებლის უფლებაა“, - ესაა ამონარიდი შემოსავლების სამსახურში დაწერილი ერთ-ერთი ჩვენებიდან.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, კაზინოს მფლობელი რუსეთის მოქალაქე, ვინმე ედუარდ არუთინოვია, მეტსახელად „ედიკ შულერა“.

„მას შემდეგ, რაც მან იეჭვა რომ შესაძლოა მისი საქმიანობით ქართველი სამართალდამცველები დაინტერესებულიყვნენ, კაზინოს დახურვა და ამოღებული თანხის საქართველოდან სასწრაფოდ გატანა გადაწყვიტა. კაზინო 31 დეკემბერს იხურება“, - ჰყვებიან „ოლიმპის“ თანამშრომლები.

მათ ეჭვი აქვთ რომ არუთინოვი, ამავე დროს, თანამშრომლების უკანონო ჩაწერასაც ახორციელებდა.

„დრონი.ჯი“ დაინტერესდა, მოხდება თუ არა, რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან. კერძოდ, დაიწყება თუ არა, „ოლიმპის“ შემოწმება არსებული ჩვენების საფუძველზე, რათა გაირკვეს - რამდენად კანონიერად საქმიანობდა კაზინო „ოლიმპი“.

ამისათვის კი, პირველ რიგში, დასახელებული აპარატების სასწრაფოდ შემოწმებაა აუცილებელი. სწორედ ასე დადგინდება, ჰქონდა თუ არა, ადგილი თაღლითობას.

ხოლო, თუ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები თაღლითობის შესახებ, დადასტურდა, გამოდის რომ „ოლიმპის“ მომხმარებლებს, ფული, უბრალოდ, წაართვეს.

„დრონი.ჯი“ კომენტარისათვის რუსეთში დაუკავშირდა ედუარდ არუთინოვს...

„დრონი.ჯი“: კაზინო „ოლიმპს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ, თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ სათამაშო აპარატებიდან 80 % ის ნაცვლად ათამაშებთ მხოლოდ 20 %, რაც კანონის უხეში დარღვევაა... მან ჩვენებაც კი მისცა შემოსავლების სამსახურს...

ედუარდ არუთინოვი: მე არ ვიმყოფები საქართველოში, ამ თემაზე ჩემი ადვოკატი დაგელაპარაკებათ, აგიხსნით საქმის არსს, მას შემდეგ რაც თბილისში ჩამოვალ...

- იქნებ ახლა დაგვაკავშიროთ თქვენს ადვოკატს?

- განცხადებები გაკეთდება ჩემი ჩამოსვლის შემდეგ.

- ჩვენი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური აღნიშნულ საქმეს უკვე იძიებს...

- გამოიძიოს, ამაში საგანგაშო არაფერია“.

ჩვენ ვეცადეთ სრულყოფილად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ბატონ არუთინოვს. მას სრული შესაძლებლობა მივეცით, გაეზიარებინა თავისი არგუმენტები ჩვენი მკითხველისათვის.

თუმცა, რატომღაც მან, ამ ეტაპზე, ვრცელი საუბრისგან თავი შეიკავა. ცხადია, თუ ბატონი არუთინოვი მომავალში გადაწყვეტს განცხადების გაკეთებას, ჩვენ მის პოზიციას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.

მანამდე კი, „დრონი.ჯი“ თვალყურს მიადევნებს აღნიშნული საქმის ძიების პროცესს, რადგან მომხმარებლებს, რომლებმაც „ოლიმპში“ უკანასკნელი თეთრები წააგეს, არ დარჩეს განცდა რომ მათ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა, ჯიბიდან ფული ამოაცალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100