სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავადმყოფობის შიგნითა მხარე ანუ facebook-ის სამძიმრის წიგნი

ყველაფერს აქვს საკუთარი უპირატესობა. მათ შორის ავადმყოფობასაც. სკოლის დროს საქმე ასე მოჩანდა, რომ თუკი სიცხე გქონდა ან მუცელი გტკიოდა ( ამ უკანასკნელის სიმულაცია მარტივ ხერხებს მოითხოვს), მომდევნო ორ დღეს გააცდენდი. ალგებრის სწავლა მთლად მომხიბვლელი საკითხი ხომ ვერ იყო და ეს ხაზვა? მოკლედ სცილასა და ქარიბდას შორის გადიოდი ოდისევსზე ადვილად ერთი ჯადოსნური წინადადებით: ,,დღეს რაცხა გლახათ ვარ!’

ტეტრისი. არის ასეთი საკულტო თამაში, არ ვიცი ახლა რამდენად პოპულარული, თუმცა მის ვარიაციებს ხშირად შეხვდებით ფლეშ-პორტალების შეღებისას. მაშინ კიდევ ცენტრში იდგა. მგელი რომ კვერცხებს იჭერდა და კაცი ბატებს ხოცავდა, იმის მერე მოდიოდა. ხელში დასაჭერი აპარატი არცთუ ცხადი გრაფიკით. მით უფრო თუ ბატარეა გამოსაცვლელია. ,,ელემენტები’’. და მაგ ტეტრისს ვუბერავდი. თუ მართლა სიცხე მქონდა, ჩემი თვალები უარესად წითლდებოდნენ და ფხალისფურცელშემოკრული თავი სკდებოდა, მაგრამ 19024 ქულაზე ვინ გამაჩერებდა. მიდიოდნენ და მიდიოდნენ კონსტრუქციები. უფრო სწრაფად და სწრაფად. ისევე როგორც ბავშვობამ ჩაიარა და ერთხელც დაეწერა: game over! აქ ხომ თავიდან დაწყება და მსგავსი ვირტუალური გამოსავლები არ მოქმედებს და გავაგრძელე.

სტუდენტობის დროს ავადმყოფობა არ იყო კარგი. ერთი შესამჩნევი და სახალისო რაც ჰქონდა, შეიძლება ფილმი გენახა ან რამე წაგეკითხა. ეგეც წვალებით. კვერცხია შესაწვავი, ჩაი მოსადუღებელი და ათასი ხათაბალა. ვირუსი და ცხენუსი კი აქეთ გხედნიდა და მოკლედ, ის ძმრიანი ნასკები, ბავშობაში ბებია რომ მაცმევდა ტემპერატურის დასაგდებად, ახლა პირით უნდა გეწურა. ძმრად ამოდენის ამბავში. მოკლედ - ტანჯვა. გასაძლები, ცხადია.

ახლა ავადმყოფობას ეგ ხიბლი აქვს, რომ ვფიქრობ. ხან ძნელად, იმიტომ რომ ის წითელი წერტილები, რაც 38.9 გრადუსს ახლავს, იმაზე მეტია, ვიდრე მოგონება. ან თუნდაც ოცნება. მაგრამ ფიქრის ადგილი მაინცაა. ჰოდა, ეგეთი ფიქრები ხშირად სიკვდილისკენ უფრო გაგირბის, რადგან რაც უნდა იოლი იყოს ავადობა, მაინც სიკვდილის შეხსენება მეტადაა, ვიდრე რამე უკეთესის. მერენდელი ამბები გაინტერესებს, ტომიც ხომ ეგრე აწყობდა ხოლმე სამომავლო ხედვებს. ტომ სოიერი. აი, როგორ ტირის დეიდა პოლი, როგორ მოაქვთ სკოლიდან კლასელებს ყვავილები და ცხარე ცრემლებით ნამავენ. მერე პანაშვიდი ეკლესიაში და სიტყვები. დაზეპირებული. კარნავალი და სინამდვილეც. კვირა-კვირანახევრიანი. ახალი ტომი კი ასე იფიქრებდა: რას დაწერს ჯო ჰარპერის და ფეისბუკზე? ალბათ ჩემთნა ერთად გადაღებულ სურათს დადებს, მისისპზე რომ გემმა ჩამოიარა და ცოტა ხნით გაჩერა და ჩვენ იქ წავედით სამახსოვრო ფოტოებისთვის. მიაწერს: ტომ, ტომას!! და გულები და მოწყენილი სმაილები და ქვევით კიდევ ჰელენ ჯონსი: აუ, არ მჯერააა! და სხვანი.

აქ საქილიკო და რამე ცინიკური კი არ გვინდა ვთქვათ, არამედ იმ ცვლილებზე, რომელიც სოციალური ქსელის დიდი და ჯერ კიდევ ნახევრადმწიფე ნაყოფია. მისი მთავარი გამარჯვება ისაა, რომ ჩვენი ფიქრები შეცვალა. ოცნებები და სურვილებიც. ფორმა შეუცვალა, თორემ სიამაყე, შური, სიყვარული და მისთანანი ჯერ კიდევ ანტიკურ ფორმაში არიან. უბრალოდ გალურჯდნენ. აი, როგორი ფერიც facebook-ს აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100