სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ქართველი რეჟისორები პროექტისთვის „ზაფხულის კინოსკოლა“ ერთიანდებიან

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში დაიწყო ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“.


პროექტი ითვალისწინებს კინოსპეციალისტების მივლინებას საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელში, სადაც სკოლების ბაზაზე 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები (მსოფლიო და ქართული კინოკლასიკა, ასევე თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმები) და დისკუსიები.


გარდა ამისა, კინოსპეციალისტები ბავშვებს გააცნობენ ფილმის შექმნის სპეციფიკას და დაეხმარებიან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაში. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების სტუმრობა ბავშვებთან; პროექტის ფარგლებში ზაზა ურუშაძის, გიორგი ოვაშვილის, ლევან თუთბერიძის და მარიამ ხაჭვანის ფილმების ნახვასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ კითხვებით მიმართონ მათ ავტორებს.


პროექტის მთავარი მიზანია მაღალმთიანი და საზღვრისპირა რაიონების მკვიდრ მოზარდებში ამაღლდეს კინოგანათლება. ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო დაესთეტიკურ უნარებს. ფილმის გადაღების პროცესის წარმართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.


პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები: ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური. გარდა ამისა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები, როგორიცაა ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა.


პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონეში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლებას და საფუძველს ჩაუყრის ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერებას.


„ზაფხულის კინოსკოლა“ განათლების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, პროექტის მხარდამჭერია World Vision Georgia.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100