დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, პროდასავლურ ძალებს - „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ განცხადება

ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება, მისი სატელიტების მეშვეობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარდა, დამოუკიდებელ ინტერნეტ მედია-ორგანიზაციებსაც ებრძვის.

„კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების სახით, რომლებიც თვლიან რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ კერძო ბიზნესმენებს შორის წარმოებული დავა, ხელისუფლებამ გააჟღერა თავისი სურვილი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქართულ ინტერნეტ-სივრცეში შეზღუდვის შესახებაც.

კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ წაართვეს დამოუკიდებელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ინტერნეტ-პორტალი presa.ge და ინტერნეტ ტელევიზია itv.ge, რომლებიც კანონიერად და ოფიციალურად ვიყიდეთ „კავკასუს ონლაინისგან“, 2012 წლის არჩევნებისა და ე.წ. კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ.

მეტიც, „კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების განცხადებით, presa.ge-სა და itv.ge-ს წართმევის საქმეში მონაწილეობდნენ ძმები: გიორგი და ლევან ყარამანაშვილები. მათი აზრით, ისინი, თავის დროზე, ასევე უკანონოდ დაუფლებიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

მიგვაჩნია რომ „კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების განცხადება არის ცილისწამება და ხელისუფლების პოზიციის უპირობოდ გადამღერება, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ, „მტრული“ მედიის სახელისუფლებო ვერტიკალს დაქვემდებარება.

ვაცხადებთ რომ ხელისუფლებამ, მის მიერ ორკესტრირებული ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების სახით, დაიწყო შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებელი და რეიტინგული ტელე და ინტერნეტ- მედიის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებულ უცხოელ დიპლომატებს, არასამთავრობოებს, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, რომ ერთობლივად შევაჩეროთ კერძო არხ „რუსთავი 2“-სა და კერძო მედია-ორგანიზაციის - „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი.

გვჯერა რომ ვერავინ, ამ ქვეყანაში, ვერ ააშენებს დიქტატურას და ვერავინ, ამ ქვეყანაში, ვერ გაანადგურებს პროდასავლურ აზრს.

კომენტარი