”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართა

თამარ გვერდწითელმა მსმენელს სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული ჰიტები შესთავაზა და დროში ამოგზაურა ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 21 აგვისტოს, ბათუმში, პროექტის ფარგლებში თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართა.
პირველი კონცერტი მომღერალმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართა და მსმენელსს სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული ჰიტები შესთავაზა და დროში ამოგზაურა. თამარ გვერდწითელმა და მისმა მეგობრებმა კონცერტებზე მისულ მონატრებულ მსმენელს ნამდვილი მუსიკალური ზეიმი მოუწყვეს. თამარ გვერდწითელმა რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „შვიდკაცასთან“, ნოდიკო ტატიშვილთან და გიორგი სუხიტაშვილთან ერთად შეასრულა. კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელსაც ჯანლუკა მარჩანო დორიჟირობდა. ბათუმელებმა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებმა დაუვიწყარი საღამო გაატარეს. „ძალიან დიდი ხანია აქ არ მიმღერია, ასეთი კონცერტი არ ჩაგვიტარებია, სადაც ყველა სიმღერა ქართული რეპერტურიდან ყოფილიყო. ყველა ქართული სიმღერა მარგალიტივითაა, ვერცერთს გამოვარჩევ. ძალიან ბედნიერი ვარ,“ - აღნიშნა თამარ გვერდწითელმა. „ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ დონის მომღერალთან ერთად მონაწილეობ. ასევე ძალიან სასიხარულოა, როცა ასეთი მნიშვნელობის ფესტივალისა და პროექტის თანამონაწილეც ხარ. „ჰით ბათუმი“ მართლაც საინტერესო პროექტია - ამართლებს სლოგანს: აქ ყოველდღე რაღაც ხდება,“ - გვითხრა გიორგი სუხიტაშვილმა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხით თამარ გვერდწითელი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება. ბათულებსა და ზღვისპირა ქალაქში ჩასულ სტუმრებს კიდევ ერთი საღამო ელოდებათ. ხვალ, 23 აგვისტოს, 21:00 საათზე ბათუმში, პიაცაზე მომღერალი და მისი მეგობრები მისულ სტუმრებს ამჯერად ევროპულ რეპერტუარს წარუდგენს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი შვიდკაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდი. კონცერტის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, სცენოაგრაფი კი ვანო ჭელიძე. ბილეთები იყიდება biletebi.ge -ზე. ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში.

კომენტარი