სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაკა ასათიანი "მაესტროსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორი, 25%-იანი წილის მფლობელი აცხადებს, ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი და მცდარი:
"როგორც ცნობილია, შპს "სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით. ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამდენად, შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.
სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.
ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.
ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.
რაც შეეხება "ტელემაესტროს" მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც "მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ტელემაესტროს" არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან", - ნათქვამია მაკა ასათიანის განცახდებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100