სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობა“ გიორგი ედიშერაშვილის დასახმარებლად!

გაიცანით, ეს გიორგია, 37 წლის. გაცნობისას იგი არც მოგესალმებათ, არც ხმას გაგცემთ, იმიტომ კი არა, რომ უზრდელია, მას უბრალოდ არ შეუძლია. მას უბრალოდ არ გაუმართლა, ის თავისი წინდაუხედაობის გამო არ გამხდარა ასეთი... დიახ, „ასეთი“... ძნელია, გამოიყენო სიტყვა ინვალიდი, ახალგაზრდა, ცხოვრებით სავსე, სათნო ადამიანის მიმართ - სწორედ ასეთი იყო გიორგი, სულ რაღაც ერთი წლის წინ.

ჩვენ ყველას გვიყვარს მომავალზე ოცნება და გრანდიოზული გეგმების დასახვა. გიორგიც ოცნებობდა... უნდოდა კანადაში მუშაობით თანხა დაეგროვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ცოლ-შვილთან ერთად საყვარელ საქართველოში ეცხოვრა. ჩამოვიდა...

ერთი წლის წინ საბედისწერო შემთხვევამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა. ექიმები არ იძლეოდნენ გადარჩენის გარანტიას, მაგრამ ღმერთის წყალობით, გიორგი გადარჩა. სამომავლო გეგმები და ოცნებები დაიმსხვრა გიორგის ჯანმრთელობასთან ერთად... ან რა ოცნებებზე და გეგმებზეა საუბარი, ის უკვე ერთი წელია საწოლსაა მიჯაჭვული და სრულიად პარალიზებულია. თავისით ვერც იკვებება, ვერც სუნთქავს. ამისთვის სხეულში ჩადგმული აქვს სპეციალური მილები... გიორგის მეუღლემ დაკარგა ყოველგვარი იმედი და მიატოვა იგი... ახლა მხოლოდ დედა ჰყავს გვერდით, რომელიც მას ახალშობილივით უვლის... მაგრამ, გიორგის თვალებში თუ ჩახედავთ და დაინახავთ როგორი რეაქცია აქვს მას დედის ხმის გაგონებაზე, მიხვდებით, რომ გიორგი ოცნებობს. მას ალბათ უნდა, რომ დედა ჰყავდეს გვერდით, რომ ჩაეხუტოს და ხელის გულზე ატაროს... აი რას დაინახავთ ძლიერი, ენერგიული და კეთილშობილი ადამიანის თვალებში... სწორედ ასეთი იყო გიორგი, სულ რაღაც ერთი წლის წინ.

დედა კი სულ გვერდით არის, მანანა ბოლომდე მიენდო უფლის ნებას... მაგრამ, ძალა საერთოდ აღარ აქვს... დედა კი გვერდით არის, მაგრამ აღარ შეუძლია ღამეების გათენება, ითიშება... ეს კი შეიძლება შვილის სიცოცხლის ფასად დაუჯდეს...სიცოცხლის, რომელსაც უკვე ერთი წელია ებღაუჭებიან... დედას ძალა გამოელია, გიორგის გარდა, მისახედი კიდევ თამარია, გიორგის და, ისიც პირველი ჯგუფის ინვალიდი... კიდევ ოთხი შვილიშვილი... კიდევ სამსახურში პატარა პაციენტები. მანანა ექთნად მუშაობს ბავშვთა საავადმყოფოში... დიახ, მუშაობს, რადგან სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება არ ჰყოფნის მის მრავალრიცხოვან ოჯახს, ხოლო პატიოსანი შრომით დაგროვილი თანხა და შეძენილი ნივთები უკვე კარგა ხანია გიორგის ჯანმრთელობას მოხმარდა...

გიორგის დასაც არ აეწყო ცხოვრება. მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ, თავი იჩინა ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამ და თამარიც საწოლს მიაჯაჭვა. მეუღლეც გარდაეცვალა და დარჩა მარტო, ოთხ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. მაგრამ, ეს ცალკე ისტორიაა, ძალიან მძიმე და ტრაგიკული.

როდესაც გიორგი ჯანმრთელი იყო, დედას და დას ეხმარებოდა. ერთი წლის წინ კი... თქვენ უკვე ხვდებით, რაც მოხდა... და თუ ვერ ხვდებით, ესე იგი ვერ გრძნობთ, ხოლო თუ ვერ გრძნობთ, ესე იგი სულ ტყუილად წაიკითხეთ ეს ისტორია. მაგრამ, თუ ამ ამბავმა თქვენზე იმოქმედა, თუ ვერ დარჩით გულგრილი გიორგის და მისი ახლობლების მიმართ და გაგიჩნდათ სურვილი, რომ შეუმსუბუქოთ გასაჭირი და აჩუქოთ იმედის ნაპერწკალი, არა მხოლოდ გიორგის, არამედ დედა მანანას, თამარს და მის ოთხ მცირეწლოვან შვილს. შეუერთდით საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ აქციას გიორგის და მისი ოჯახის დასახმარებლად. ოჯახი საჭიროებს სხვადასხვა სპექტრის მოქმედების პრეპარატებს გიორგის გამოსაჯანმრთელებლად (მათ შორის: ანტითრომბოზული, ანტიკოაგულანტური, ანტიეპილეფსიური და სხვა) ერთ თვეში ამ წამლების საჭირო რაოდენობის შესაძენად დაახლოებით 2000 ლარი იხარჯება! ოჯახი ასევე საჭიროებს საკვებ პროდუქტებს და ფინანსურ დახმარებას.

თქვენ თუ ვერ შეძლებთ დახმარებას, გააზიარეთ ეს ამბავი, იქნებ მან თავისი ადრესატი იპოვოს.

გიორგის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003

(დანიშნულებაში მიუთითეთ: გიორგი ედიშერაშვილი)

ან ფონდის საიტის მეშვეობით:

http://fsp.ge/ge/donate/96/

დიდი მადლობა, რომ ხართ ადამიანი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100