დუტა სხირტლაძე სტუმრად “სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის" მცირე საოჯახო ტიპის სახლი 2013 წლის 28 მაისიდან ფუნქციონირებს. ეს პირველი საოჯახო ტიპის სახლია საქართველოში, რომელიც შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს. იგი უკვე გახდა ათეულობით ბავშვის თავშესაფარი, რომლებიც მშობელთა მზრუნველობას არიან მოკლებულები.

ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში გარემოსილი არიან მასწავლებლების და აღმზრდელების მზრუნველობით და სითბოთი. მათ აქვთ შექმნილი კომფორტული პირობები სწავლისთვის და პიროვნული განვითარებისთვის, შეუძლიათ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯონ ძალები. ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები და ნათელი მომავალი. სახლის აღსაზრდელებმა ოქტომბრის თვეში სწავლაში თავი გამოიჩინეს. სასკოლო საგნებში ყველამ მაღალი ნიშნები დაიმსახურა.

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე 6-დან 5 ბავშვი მეორე ტურში უმაღლესი ქულებით გადავიდა. მათ ძალიან გაახარეს და ასახელეს პედაგოგები, ამიტომ აღმზრდელებმა ბავშვებს სიურპრიზი მოუწყვეს და საღამოს, ვახშამზე დუტა სხირტლაძე დაპატიჟეს. როდესაც ბავშვებმა გაიგეს დუტას სტუმრობის შესახებ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

დაიწყეს გამოპრანჭვა, ლექსებისა და სიმღერების გამეორება. დუტამ პატარებს ტკბილეული მოუტანა, მათ ერთად შესანიშნავად გაატარეს დრო, ბევრი ითამაშეს, გადაიღეს უამრავი სურათი. ყველა ისეთი გახარებული იყო, რომ არც ბავშვებს უნდოდათ დუტას გაშვება, და არც დუტას უნდოდა ბავშვების დატოვება. იგი შეპირდა პატარებს, რომ ისევ მივიდოდა მათთან სტუმრად. დიდი მადლობა დუტას! ბავშვებისთვის მისი სტუმრობა დაუვიწყარი მოგონება იქნება!

კომენტარი