სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დადიანების სასახლე“ საბავშვო ბაღის დერეფანში

ქალბატონი თალიკო ანდღულაძე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ თბილი და მყუდრო სახლის მაგივრად, სიბერეს შეხვდებოდა - საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ცივ, ნესტიან ნაგებობაში - ძველი საბავშვო ბაღის დერეფანში. ახლა იგი 84 წლისაა და როდესაც განვლილ ცხოვრებას იხსენებს, ცრემლებს ვერ იკავებს.

ადრე, ბედნიერი დედა და მეუღლე იყო, ჰქონდა საინტერესო სამსახური: პროფესიით ქალბატონი თალიკო იურისტია და 35 წელი „საქენერგოში“, კადრების განყოფილების უფროსად მუშაობდა. საოჯახო საქმეებში და ბავშვების აღზრდაში დედა ეხმარებოდა. ცხოვრობდნენ დიდუბეში, დიდ მოსიყვარულე ოჯახში. მაგრამ ერთ დღეს მისი ჩვეული ცხოვრება შეიცვალა...

ავად გახდა თალიკოს მეუღლე, ერთი თვის შემდეგ - დედა ჩავარდა ლოგინად... თალიკომ სამსახურს თავი დაანება, რომ მათთვის მოევლო. 1996 წელი მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, სამი ყველაზე ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა. მეუღლე, ძმა და დედა. ძალიან ძნელი იყო ამის გადატანა. მაგრამ ქალბატონმა თალიკომ საკუთარ თავში იპოვა ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. სიცოცხლის სურვილი არც მაშინა დაკარგა, როდესაც დაინგრა მისი ავარიული სახლი და იგი შვილთან და შვილიშვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. ისინი დროებით შეასახლეს ვარკეთილში მდებარე 179-ე საბავშვო ბაღის დერეფანში. და ეს „დროებით“ სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.

ცივ და ნესტიან დერეფანში საცხოვრებელი პირობები რომ შეექმნათ, ფანჯრები ფიცრებით აჭედეს, ბეტონის იატაკზე მუყაო დააფინეს, ოთახები ერთმანეთისგან ფარდებით „გადატიხრეს“. ქალბატონი თალიკოს შვილი, საცხოვრებელს ხუმრობით „დადიანების სასახლეს“ ეძახის და ყველანაირად ცდილობს დერეფანში კომფორტი შეუქმნას დედას. მაგრამ ეს არ იცავს მათ სიცივეებისგან. ამ შენობაში ზაფხულშიც კი ცივა. თუ შეშა აქვთ - თბებიან. ელექტრო გამათბობლის ჩართვას ვერ ახერხებენ, რადგან ქალბატონი თალიკოს პენსია მედიკამენტებში იხარჯება. სადილებს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი, უფასო სასადილოდან იღებენ. ახლა ფეჩში ძველ პარკეტს წვავენ, რომელიც მეზობელს რემონტის შემდეგ დარჩა. პარკეტის მარაგს რომ ამოწურავენ, რითი გათბებიან - ჯერ არ იციან და ეს ყველაზე მეტად აშფოთებთ მათ.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონი თალიკოს ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, დაეხმაროთ მათ საკვები პროდუქტებით და შეშით - რაც ასე აუცილებელია მათთვის ზამთრის გადასატანად. ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: თალიკო ანდღულაძე) ან ფონდის ვებ-გვერდიდან http://fsp.ge/ge/donate/107/

ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ თალიკოსთვის დიდი მხარდაჭერა იქნება.

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური

პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, სამი წლის მანძილზე, ეხმარება საკვებით და მედიკამენტებით 500 მარტოხელა, საწოლსმიჯაჭვულ ადამიანს, რომლებსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100