სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პატრიარქმა “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბერნარ კუშნერს მადლობა გადაუხადა

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრს და ამჟამად, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებასა და ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნას.

პატრიარქმა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ახალი ინოვაციური პროექტის წამოწყებისთვის.

თქვენი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, კიდევ უფრო, ამაღლდება სამედიცინო მომსახურება ჩვენს საზოგადოებაში. ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება თქვენი მხრიდან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და თქვენი შემწე. მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით ჩვენთან.“ - ბრძანა პატრიარქმა და მოსაზრება გამოთქვა, ყურადღება გამახვილდეს ფეხმძიმე ქალების მხარდაჭერასა და თანადგომაზე.

ბერნარ კუშნერმა საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის: ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პატრიარქთან შეხვედრა. ჩვენ ყველას მოგვეცა შესაძლებლობა ეს საკითხები თქვენთან ერთად, თქვენს ნავსაყუდელში განგვეხილა. ეს ადასტურებს თქვენს თავდადებას ქვეყნის მოსახლეობისადმი და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ვიზიტი საპატრიარქოში ხაზს უსვამს, რომ პროექტი მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება“

პატრიარქთან შეხვედრაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მისი უწყება და უცხოელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს თითეულმა მოქალაქემ მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უმაღლესი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ჩემი უცხოელი კოლეგები და პარტნიორები მზად არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტური და მაღალი დონის მომსახურება და მკურნალობა შევთავაზოთ ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა და შეხვედრები ქვეყანაში „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართა. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100