შენ საუკეთესო ხარ - ყველაფერი გამოგივა!

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამ თარიღის შემდეგ. სახლიდან გამთენიისას გამოვედი, როდესაც „ტაქსაობას“ დილიდან იწყებ, უფრო მეტის შოვნაა შესაძლებელი. ეს კარგად ვიცი, რადგან ტაქსის მძღოლად, თითქმის სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. როდესაც მამა ავად გახდა და ინსულტი გადაიტანა, ოჯახი რომ შემენახა, სწავლას თავი დავანებე და საჭეს მივუჯექი.

იმ დღეს წვიმდა, გზაზე ძაღლმა გადამირბინა, მას ავაცილე, სველ გზაზე მოვსრიალდი და მეტი არაფერი მახსოვს... გონს რომ მოვეგე, სასწრაფო დახმარების ექიმი დავინახე... წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი... მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, შემეცოდა დედაჩემი, მამა, ჩემი თავიც...

როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მითხრეს, რომ „აღდგენას არ ვექვემდებარები“ ისევე როგორც ჩემი მანქანა. მეც არ მჯეროდა, რომ ოდესმე ავდგებოდი და გავივლიდი. მშობლების პენსია საჭმლისთვის და წამლებისთვის არ იყო საკმარისი, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.

მაგრამ, მოულოდნელად ჩვენთან მოვიდნენ საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლები და შემოგვთავაზეს დახმარება. აგერ უკვე სამი წელია ფონდის ექთნები უსასყიდლოდ მიტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟის ინტენსიურ კურსს. არავის სჯეროდა, რომ ასეთ შედეგებს მივიღებდით. მე უკვე შემიძლია ორთეზების დახმარებით გადაადგილება. ორთეზები სიარულის დროს მეხმარება, ფეხს აფიქსირებს. მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ სიარულის დროს წავიქეცი, და ჩემი ერთადერთი ორთეზი გატყდა. მისი აღდგენა შეუძლებელია, ახლის შესაძენად, ჩემს ოჯახს თანხა არ აქვს. მე კი, თუ ხშირად არ ვივლი, ამდენი წლის ნაშრომი და მიღწეული შედეგები შეიძლება წყალში ჩამეყაროს.“

3 წელზე მეტია, „შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ლევანი რაც შეიძლება მალე გამოკეთდეს. ლევანს ახლა ძალიან სჭირდება ახალი ორთეზები, რომ სიარული არ შეწყვიტოს, და მიღწეული შედეგი გააუმჯობესოს.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ამ ძლიერი და პოზიტიური ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც აუცილებლად დადგება ფეხზე, დამოუკიდებლად გაივლის და რომელიც იზრუნებს თავის მშობლებზე!

თანხა, ახალი ორთეზების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ლევან გრიგორიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/113/

„როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ცხოვრება და როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდე თავს - არ დანებდე, იბრძოლე! როგორც არ უნდა გტკიოდეს და რაც არ უნდა შეგემთხვეს - იბრძოლე ბოლომდე! ვინც არ უნდა იყო: მძღოლი, ბანკის თანამშრომელი თუ მარტოხელა დედა - არ დანებდე! ეს შენი ცხოვრებაა, შენ საუკეთესო ხარ, და შენ ყველაფერი გამოგივა!“– ბევრი იმედგაცრუებული ადამიანისთვის, ლევანის ეს სიტყვები ნამდვილი სტიმული იქნება!

მასალის გამოყენების პირობები

არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს (https://fsp.ge/ge/projects/) აუცილებელი და ზუსტი მითითებით.

კომენტარი