სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დანახული სამყარო“ მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.

უსინათლო მხატვრის შემოქმედება პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრშია შესრულებული. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობითა და ფერების სიმრავლით გამოირჩევა.

გიორგი ქობელაშვილისთვის განსაკუთრებულად საყვარელია ძველი თბილისის თემა. სწორედ ამიტომ, ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია.

მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი დღემდე სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის გრაფიკაში მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში.

გიორგი ქობელაშვილმა მხედველობა 90-იანი წლების შემდეგ დაკარგა. ამბობს, რომ მისი შემოქმედება და ცხოვრების სტილი შშმ პირებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.

გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა „თვალით და გონებით დანახული სამყარო“ დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 17 ივნისამდე ელოდება. გამოფენაზე შესაძლებელია მხატვრის ნამუშევრების შეძენაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100