"იზორია ნამუსზე გვაგდებს ფინალში, რომ არ გავიყვანეთ, დღეიდან მინდა, რომ მოიგოს ბონდარენკომ"

გურამ შეროზია "ცეკვავენ ვარსკვლავების" გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმაურება:
„რამდენიმე დღეა, ვცდილობ გავატარო ეს არაფრის მომცემი, საქვეყნო პანიკა, ჯანო იზორიას, ბონდარენკოს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ თაობაზე, თუმცა სულ უფრო იმატებს განგაში და ცოტა არ იყოს დავიღალე...

ყველგან იზორიას გაცოფებული გულშემატკივრების წიკვინი ჩამესმის და ახლახანს ჯანოს ვიდეოც ვნახე, სადაც გაბრაზებული გვამცნობს, რომ „მას გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა“ და თითქოს ნამუსზეც გვაგდებს, რომ ბოლომდე არ მოვინდომეთ და ახლა ჩვენ უნდა ვიწვოდეთ სირცხვილისგან, რომ „ეს ჩავიდინეთ“ და ის პროექტის მიღმა დარჩა.

საერთოდ დამცა, ქსენოფობიით აღსავსე ბოლო კომენტარმა: ახლა წავალ და ქართველების ერთად ყოფნაზე მოვუსმენ სიმღერას-ო!

მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე კვირის წინ, აღშფოთებული ბლოგ პოსტი მქონდა ბონდარენკოს გაფეტიშებაზე, გაგიჟებულ და სახე-დაპორჭყნილ გოგონებზე, საჯარო მუდარებზე მეგობრებში დამატებაზე, ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან მინდა, რომ მოიგოს ბონდარენკომ!

ბევრი რომ არ ვისაუბრო, რამდენიმე მარტივად აღქმადი პუნქტით შემოვიფარგლები:

1. დამარცხების ღირსეულად ატანას, კიდევ სხვა „ლეველის“ ღირსება სჭირდება თურმე. ბედნიერი ყველანი საყვარლები ვართ, აი როცა გვიჭირს მაშინ ვაჩენთ კლანჭებს და იზორიას და მისი მეგობრების რეაქცია ჩემთვის საშინლად (რბილად რომ ვთქვათ) არა მისასალმებელია;

2. ფინალში არ მოხვედრას რომ გვამადლი შე კარგო ადამიანო, იქნებ იმისთვის გადაგეხადა მადლობა, რომ აქამდე მიხვედი? 9 თუ 10 ტურში გატარეს ხელის გულზე, ერთში ვერ „ივაჟკაცეს“ და იმ ერთმა გადაწონა ყველაფერი? მისი გულშემატკივრების ადგილას, ორმაგად გავბრაზდებოდი.

3. დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს - არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის - აუცილებელია კარგი ცეკვა! შეიძლება კარგადაც ცეკვავს, მაგრამ აპელირება გაჭირვებით - არის სრულიად მიუღებელი! თქვით, რომ ბონდარენკოზე კარგად ცეკვავდა და არა ის, რომ ფოთიდან დადის თბილისში!

4. რა შუაშია ადამიანის ეროვნება, რაკი იღებს მონაწილეობას კონკურსში და თავს კარგადაც ართმევს, იმის გამო უნდა დაიჩაგროს, რომ არ არის ქართველი? და უფრო მეტიც, ქართველობას გვართმევს?!

5. მოდით, შევხედოთ სიტუაციას საპირისპიროდ: არაერთი ქართველი იღებს მონაწილეობას სხვა ქვეყნების ვოისებში, იქს ფაქტორებში… წარმოიდგინეთ, რომ ნახევარ ფინალიდან გამოაგდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, რომ გადაეკიდებოდით მტრად იმ ქვეყნებს, საშვილიშვილოდ? ჰო და, განიხილეთ სიტუაცია ორმხრივად და მოექეცით ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ!

6. ცეკვა-თამაშით ბინის მოგებაზე გაცილებით გემრიელი, საკუთარი ოფლით ყიდვაა, გარწმუნებთ. მეც, ამავე ფოთიდან დავდიოდი პირველ კურსზე თბილისში და ზაფხულის ქირა რომ დამეზოგა, გამოცდებზე დილითაც ჩამოვსულვარ და იმავე საღამოს წავსულვარ უკან, კვირაში სამჯერ, მაგრამ არასდროს „მიტირია“, არავინ დამივალდებულებია, რომ მე რამე უნდა მაჩუქონ, ან მომაგებინონ და ორივე ბინა ჩემი შრომით, ღამეების გათენებით და ყოველგვარი „ჯეკპოტის“ მოგების გარეშე მაქვს ნაყიდი. მე მირჩევნია წავიდე ჯანოს სპეკტაკლზე, გადავიხადო ფული ბილეთში, ათჯერ მეტი, ვიდრე სმს-ებში დავხარჯავდი, მით უმეტეს, რომ უკვე ეჭვი მეპარება, რამდენად იმსახურებდა.

7. გავარდნილი კონკურსანტების (თუ მათი მშობლების) პანიკაც - სასაცილოა, ვგულისხმობ ლიზა ყენიებს, თამრიკო ჭოხონელიძეებს, ა.შ. იცით რას მიაღწევთ ამ საყოველთაო სიძულვილით? სტანისლავი მოიგებს „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ და თქვენი ხმა არა თუ დარჩება „ხმად მაღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, არამედ უფრო და უფრო მეტ მომხრეს შესძენს დაჩაგრულ ბონდარენკოს.

ჩემი სახით, ერთი უკვე შეიძინა და კიდევ ერთი დაფასება მას, რომ არ ჰყვება იაფფასიან პროვოკაციას და კომენტარს არ აკეთებს! ვუსურვებ მოგებას ფინალზე და ჯანოსაც ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს და მატერიალურ კეთილდღეობას!. წერტილი" - წერს გურამ შეროზია.

კომენტარი