სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხინკალი კიდევ უფრო გაძვირდა

საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია, ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო და დღემდე „შესაშური“ ტემპით გრძელდება. ძირითადად, ფასების გაძვირება საკვებ პროდუქტებს ეხება, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ყოველ საღამოს დედაქალაქის რესტორნები და კაფე-ბარები ხალხით მაინც სავსეა. თბილისში ყველაზე მოთხოვნადი კერძი ხინკალია – დღის განმავლობაში 100 000 ათასამდე ხინკალი იხვევა. ეს ზოგადი სტატისტიკაა, თუმცა რეალობისგან არც ისე შორს დგას.

ბოლო დროს ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი ხორცზე ფასის მომატების გამო გახდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი სასაკლაოების გახსნაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. სასაკლაოებზე პირუტყვის ხორცის გასაყიდად მომზადება ცუდი საქმე მართლაც არ არის, თუმცა ამ ფაქტს ერთი უარყოფითი შედეგი აქვს: მეპატრონიდან სასაკლაოს გავლით ხორცის დახლზე მოხვედრა და შემდეგ მოქალაქეთა სამზარეულოში გადატანა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ „საეჭვო“ პროდუქტი იყიდონ, თუმცა იაფად.

ხორცის ფასის გაძვირებამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. ხინკალი გაძვირდა. თბილისის რამდენიმე რესტორნის ქსელში ხინკალი უკვე 60 თეთრი ღირს, ნაწილი ცდილობს ეს ფასი 55 თეთრზე დააბალანსოს.

5–6 წლის წინ ხინკალი ჯერ კიდევ 25 თეთრი ღირდა, დღეს 60 თეთრია, მაგრამ გამორიცხული არ არის, მომავალში კიდევ გაძვირდეს, ერთი განსხვავებით – ამჯერად მისი ფასის გაორმაგებას 5–6 წელი აღარ დასჭირდება.

მოქალაქეები ხინკალზე ფასის მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კმაყოფილები არც რესტორნების მეპატრონეები ჩანან, რომლებიც იძულებულები არიან, უკმაყოფილო „სტუმარს“ აუხსნან, რომ ხინკალზე ფასის მომატება მათი გადაწყვეტილება არ არის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის რესტორნებში ხინკლის ფასი უკვე 60 თეთრია, რესტორნების ნაწილში კი ფასმა მხოლოდ 5 თეთრით მოიმატა.

როგორც „თაღლაურას“ ქსელის პიარმენეჯერი ნინო მაისურაძე „დრონი.ჯი“–სთან განმარტავს, მათ ქსელში ხინკალმა მხოლოდ 5 თეთრით მოიმატა. მოიმატებს თუ არა ფასი კიდევ, მაისურაძეს ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება ხორცპროდუქტებისგან დამზადებულ სხვა კერძებს, „თაღლაურაში“ განგვიცხადეს, რომ სხვა კერძებზე ფასი არ მომატებულა.

„ყველას იანტერესებს, ხომ არ მოიმატა მწვადზეც ფასმა, ან სხვა სახის პროდუქტზე. მხოლოდ ხინკალზე გაიზარდა ფასი, დანარჩენი კერძების ღირებულება კი მენიუში იგივე რჩება“–ამბობს რესტორნების ქსელ „თაღლაურას“ პიარ–მენეჯერი.

ხინკალზე ფასის მომატების მიუხედავად, რესტორნები კლიენტების ნაკლებობას მაინც არ უჩივიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100