სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეა თუთბერიძე: სხვა კონფესიებს მიტაცებული ეკლესიები უნდა დავუბრუნოთ

პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან ისტორიულად დაკავშირებული ექვსი რელიგიური გაერთიანების (კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია, მუსლიმთა თემი, იუდეველთა თემი, ბაპტისტური ეკლესია) სტატუსი განსაზღვრა და რომლის მიხედვითაც ისინი, ამიერიდან, რეგისტრირებულნი იქნებიან როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საზოგადოების აზრი ორად გაყო. საქართველოს საპატრიარქომ პარლამენტის მიერ საკითხის ნაჩქარევი წესითა და მათთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილების მიღება გააპროტესტა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ წმინდა სინოდი შეიკრიბა, რომლის დასრულებასაც ქართული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. მიღებული გადაწყვეტილებით ცხადი შეიქნა, რომ საპატრიარქო დათმობაზე წავიდა და განხეთქილებას მოერიდა.

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას, მაგრამ სინოდი ამავე დროს, ამავე ოქმით მიმართავს ხელისუფლებას, რომ:

ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ. ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ თავისუფლების ინსტიტუტის წევრს, თეა თუთბრიძეს ესაუბრა:

თეა თუთბერიძე: თუ ჩვენ ევროპაში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, გვინდა, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ და ასე შემდეგ, მაშინ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე ვსაუბრობთ, ის პრივილეგიები, რაც აქამდე ერთ რელიგიურ კონფესიას ჰქონდა, ყველა რელიგიურ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს.

– საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებით, რა პრივილეგიები მიენიჭა აღნიშნულ ექვს რელიგიურ გაერთიანებას? ძირითადი საკითხი, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, იყო ის, რომ აღნიშნული სტატუსის მიღებით, ამ რელიგიურ გაერთიანებებს ქონების შეძენის უფლება მიენიჭათ და შეიქმნა საფრთხე, რომ მოხდება ეკლესიების გასხვისება.

– მე არ ვიცი, ვინ რაზე გამოთქვამდა აღშფოთებას. გეტყვით იმას, რომ საკუთრებას ვერავინ ვერავის წაართმევს. საუბარი იმაზეა, რომ თუ რომელიმე ტაძარი სხვა რომელიმე კონფესიის მიერ არის მისაკუთრებული, შეიძლება ამ ეკლესიების გადაცემის საკითხი დადგეს. ასეთი ეკლესიები საქართველოში, სამწუხაროდ, არსებობს. მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მისაკუთრებულია სომხური ტაძრები და კათოლიკური ეკლესიები, მაგალითად ბათუმში არსებული კათოლიკური ეკლესია და ა.შ.

ზემოთაღნიშნული კონფესიების მიერ, შესაძლოა თავიანთი საკუთრების დაბრუნება მოხდეს. მართლმადიდებლებს თავიანთ ქონებას ვერავინ წაართმევს, მაგრამ იმის დაბრუნებაზე, რაც თვითონ აქვთ სხვებისთვის წართმეული, ბუნებრივია, უნდა მიდიოდეს საუბარი.

– საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამაზეც იყო საუბარი, რომ როცა სახელმწიფო ასე ზრუნავს სხვა კონფესიების უფლებებზე საქართველოში, რატომ არ აქცევს ყურადღებას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობას და მის სტატუსს სხვა ქვეყნებში...

– ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს შენიშვნა მისაღებია და ამაზე შეიძლება სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართოს.

– ეჭვები პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებამ გააჩინა...

– ეს ნაჩქარევი კი არა, დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა მომხდარიყო საპატრიარქოსთან შეთანხმება, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. საპატრიარქო რა შუაშია, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა რელიგიურ გაერთიანებას თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი და ეს კონსტიტუციაში გვიწერია.

– არ მიგაჩნიათ, რომ გუშინ მიღებული ოქმით საპატრიარქო დათმობაზე წავიდა?

– არ მაინტერესებს საპატრიარქო იძულებული გახდა თუ არა დათმობაზე წასულიყო, საერთოდ არ მაინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ კონკრეტულ საკითხზე. მე მაინტერესებს სახელმწიფოს დამოკიდებულება, იმ სახელმწიფოსი, რომელსაც დემოკრატიის მშენებლობაზე აქვს პრეტენზია.

– პარლამენტის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას საპატრიარქო აღარ შეეწინააღმდეგება, მაგრამ შეიქმნა კომისია, რომელიც გააკონტროლებს ამ ყველაფერს, ამასთან ერთად, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე აღარ უნდა მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ეს თუ არის პარლამენტის უფლებებში ჩარევა?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ კითხავს საპატრიარქოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა ცვლილებებს შეიტანს კანონში სხვა რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით პარლამენტი? თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეეხება საკითხი, მათთან დაკავშირებით თუ რაიმე ცვლილების შეტანას გადაწყვეტენ კანონში შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ხელისუფლების არანაირი გადაწყვეტილება არ არის საპატრიარქოსთან შესათანხმებელი.

– გინდათ თქვათ, რომ საპატრიარქო მაინც უხეშად ერევა სახელმწიფოს ფუნქციებში?

– საპატრიარქო თავისი პოლიტიკური განცხადებებით დიდი ხანია ერევა სახელმწიფოს ფუნქციებში და სცილდება ეკლესიის ჩარჩოებს.

– არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, საპატრიარქოს აქვს ამის უფლება?

– საპატრიარქოს ამის უფლება არ აქვს, მოსახლეობის 100% რომც იყოს მართლმადიდებელი. ჩვენ არ ვართ ირანი, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

– თეა, თქვენი მხრიდან ხშირად ისმის ხოლმე კონკრეტული სასულიერო პირების კრიტიკა და დაცინვაც კი, თუმცა, წმინდა სინოდის გუშინდელ ოქმში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტების გამო, შეიქმნება ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეთანხმებით, რომ საპატრიარქო არ აფარებს ხელს იმ მღვდლებს, რომლებიც თავიანთი ქმედებით მრევლს აბრკოლებენ?

– ეს საპტარიარქოს მხრიდან ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მღვდელი შეუცდომელი არ არის, ეს ნამდვილად პროგრესია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უღირსი მღვდელია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, როცა ისინი სხვა კონფესიების წარმომადგენელთა შეხვედრებს არბევენ. გავიხსნებ თქვენი კოლეგების დარბევის ფაქტსაც ტელეკომპანია კავკასიაში. ამ მღვდლებს დღემდე არ უგიათ პასუხი, ასევე იყო ჰელოუნის დარბევაც.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მღვდლების ნაწილი ეკლესიას ფულის საჭრელ მანქანად იყენებს და რომ მღვდლების ნაწილმა თურქეთიდან შემოსული ჰუმანიტარული პროდუქცია გაყიდა. სხვათა შორის, ეს საკითხები ჩვენს მიერ პატრიარქისათვის გაგზავნილ კითხვებშიც იყო დასმული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასეთი კომისიის შექმნა უდავოდ დადებითი ფაქტია, მაგრამ არიან თუ არა ამ კომისიის წევრი სასულიერო პირები იმ სიმაღლეზე, რომ სხვების ზნეობა შეაფასონ, ეს სხვა საკითხია. ამაზე საუბარი ჩემთვის ცოტა რთულია, ეს საპატრიარქომ უნდა გადაწყვიტოს.

მარი გოგრიჭიანი, presa.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100