წინანდალში რადისონის მშენებლობა გრძელდება და ბაზარზე თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული ღვინო ბრუნდება

თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 230-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა.

თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოშო მანამდე უცნობი წესით ღვინის დაყენება. პირველად ქართული ღვინო ბოთლში წინანდალში ჩამოისხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ მეღვინეობას. 200 წლის შემდეგ ისტორიული ვენახები აღდგა და წელს წინანდლის მამულის ღვინოები ქართულ და მსოფლიო ბაზარს უბრუნდება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის სამი სახეობის ღვინო: საფერავი 2014, წინანდალი 2015 და ქვევრი 2015.

ასევე წინანდალში გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება სილქ როუდ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდი წინანდლის რადისონის მშენებლობის დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რადისონ წინანდალი“ ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ისტორიული ბაღის უკანა ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, სასტუმროს გახსნა 2018 წელს იგეგმება.

წინანდალში შეთანხმებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და წინანდლის მამულების დირექტორი გიორგი ხარაბაძე მოაწერეს ხელი.

„სილქ როუდ ჯგუფმა“, გასულ წლებში წარმატებით განახორციელა იგივე ბრენდის სასტუმროების პროექტები თბილისსა და ბათუმში.

სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას,ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებით.

ასევე, გაიხსნება იტალიის საელჩოს და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა.

კომენტარი