განათხოვარი ქალები ადვილად მაძლევენ ანუ უფასო სექსი ქართულად

ამასწინათ, პლეხანოვზე მეგობარს ველოდებოდი, რომელმაც ტრადიციულად მალოდინა. რკინიგზელთა სახლის მოპირდაპირედ, ქუჩის კუთხეში გავჩერდი და სიგარეტს მოვუკიდე, როცა ნაცნობი შემეჩეხა...

ვაა გურამ, როგორ ხარ ძმა?

კარგად, შენ? გავუღიმე, სახელი ვერ გავიხსენე, თუმცა არ შევიმჩნიე.

რავიცი მაგრად მე, გხედავ ხოლმე სულ ტელევიზორში, მაგარია! და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. - ვინმეს ელოდები?

ჰო მეგობარს.

გადაწყვიტა ჩემი გართობის ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო და წვრილად გამომკითხა რას ვაკეთებდი, სად ვმუშაობდი და მივედით მოგზაურობამდე. როცა გაიგო, რომ კვიპროსზე ვაპირებ წასვლას აღტაცებულმა შესძახა:

ეეე მანდ ბევრი რუსი და უკრაინელია, მუ...ები არ მოგაკლდება!

ამისთვის არ მივდივარ, „დაკავებული ვარ“ (ჩემმა თავმა გამაღიზიანა, რას ვუხსნიდი)

აბა მე რამდენი ხანია არსად ვყოფილვარ, მაგრამ აქ დავამუღამე მაგარი რაღაც - მაცნობა საზეიმო ტონით და ამაყი სახით. - განათხოვარი ქალები, საგზური უფასო ტყ... ის სამყაროში ჰაჰა. დაეჩალიჩები, ჰგონიათ, რომ ცოლად მოგყავს და მერე გაქრები ეგრევე.თან ხო ხვდები, ერთხელ რომ გემოს გაუსინჯავენ, მერე რთულია თავის შეკავება! საუბრისას აქტიურად იქნევდა ხელზე, მისი „კალიცო“ მომხვდა თვალში...

და რატომ ატყუებ, იქნებ ისედაც თანახმა არიან? - პასუხი მაინტერესებდა.

ეე ძმა, ისე ქართველი გოგო მაგაზე დაგთანმდება? მაგრამ მეც კაი ნაბოზარი ვარ, ასე დავაბოლებ, მერე ვიხმარ და მივაგდებ. (კიდევ გადაიხარხარა).

საკითხავია, ვინ ვის ხმარობს, ეს იმათ, თუ ისინი ამ უფასო ვიბრატორს - გავიფიქრე და საათს დავხედე, უკვე საშინლად გავბრაზდი, რომ სხვისი არაპუნტქუალურობის გამო ამ საზიზღრობების მოსმენა მიწევდა. ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ ავუხსნა არგუმენტირებულად და დავანახო რეალურად ვინ არისმეთქი, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი ათ წუთში.

შენ ალბათ ბუზებივით გეხვევიან ძმა, პოპულარნი კაცი ხარ, ჩემზეც ხომ დაწერ ბლოგს ჰაჰა!

აი აქ უკვე, ძლივს რაღაც რეალური თქვა და გამეღიმა:

კი, აუცილებლად დავწერ შენზე. წავედი, მოვიდოდა უკვე - დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯებით გავერიდე.

მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ ბიჭის არსებობა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის გარემოა, რომელიც აი ასეთებს - არსებობის საშუალებას და უფრო მეტიც, კომფორტს აძლევს.

და გაცილებით დიდი პრობლემა არიან:

ის გოგონები, ვინც აპკს 30+ წელი ინახავენ, რომ აი ასეთებმა შეირთონ ცოლად და არ დაიწუნონ

ის მშობლებიც, ვინც შვილს ქმართან ყოფნას მხოლოდ იმიტომ აიძულებენ, რომ „განათხოვარს“ მერე ასეთები ცოლად არასდროს შეირთავენ, აბა გურამ შეროზია და ევროპულ-გარყვნილი გონების ბიჭი ვის რა ჩემ ფეხებად უნდა სიძედ.

ის გოგონებიც, რომლებიც ასე „კარგად“ ერკვევიან ბიჭების მენტალობაში და აი ასეთ ტიპებს საკუთარი „ვაჟკაცობის“ გამოვლენის საშუალებას აძლევენ (დარწმუნებული ვარ, რომ ჩავძიებოდი სიასაც ჩამომიწერდა, მისამართებითურთ)

ის ცოლები, რომლებიც იმ წუთას, როცა ასეთები თავის „საქმენი საგმირონიას“ ამის მსგავსად ყვებიან, უნიტაზს ხეხავენ და სქესით „უპრავებენ“ ცალმხრივ „ოუფენ რელეშენშიფს“

ის მეზობლები, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ კაცს აქვს ასჯერ ცდის უფლება, ქალი კიდევ - პირველივე წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ჩამოწერილია.

ის დედამთილები, რომლებიც სახეს იხოკავენ, ოღონდ მისმა შვილმა „მეორადი“ გოგონა არ შეირთოს და თუნდაც მათ შერჩეულ სარძლოს ქორწინების გარეშე ასჯერ უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდეს - შტამპი არ ადევს რაც მთავარია და ვერავინ გაიგებს ოჯახის გარეთ!

და მთელი საზოგადოება, ვინც ასეთი მახინჯი აზროვნების პროპაგანდას უწყობს ხელს!

პ.ს. ის ბიჭი ალბათ წაიკითხავს ამ პოსტს, მე მის ვინაობას არ ვასახელებ, თუმცა თუ თვლის, რომ მე ვცდები რამეში, ვიკამათოთ კომენტარებში, ღიად.

კომენტარი