სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Human Rights Watch: აფხაზურმა მხარემ ქართველების დისკრიმინაცია უნდა შეწყვიტოს

"დაბრუნება გაურკვევლობაში”- ასეთი სათაურით აქვეყნებს დღეს თავის ანგარიშს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოტჩი.” 71-გვერდიანი ანგარიში აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების უფლებების დარღვევას შეეხება. დოკუმენტის თანამხმად, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს არ აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსი, მისი ხელმძღვანელობა მაინც ვალდებულია დაიცვას აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების უფლებები.

უკვე 2 ათეული წელია, რაც დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დამღუპველად აისახება იმ ქართველების უფლებებზე, რომლებიც მშობლიურ სახლებში ბრუნდებიან. თუმცა იქ აწყდებიან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას, რაც მათ იძულებულს ხდის ისევ ქართულ მხარეზე გადავიდნენ, რაც ზოგადად, აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივას კიდევ უფრო შორეულს ხდის – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია მოუწოდებს სეპარატისტულ რეჟიმს, უზრუნველყოს ქართულ მხარეზე (და პირიქით) თავისუფალი გადაადგილების უფლება და შეწყვიტოს დისკრიმინაცია, რასაც ადგილი აქვს ქართული მოსახლეობის მიმართ დოკუმენტების გაცემისა და საშუალო განათლების მიღების პროცესში.

მოხსენება გალში მცხოვრები 100-ზე მეტი ადამიანის ინტერვიუებს ეფუძნება. საუბრებიც, უშუალოდ გალშია ჩაწერილი. დოკუმენტის ავტორებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს, აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო წრეებიდან და იქ მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთიდან განდევნილი ეთნიკური ქართველების უმრავლესობა ახლაც დევნილია. რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2008 წლამდე შენარჩუნდა. რომ იმავე 2008 წელს რუსეთმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009-ში კი ვეტო დაადო საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებას აფხაზეთის ტერიტორიაზე. და რომ შედეგად, გაეროს დამკვირვებლები რუსმა მესაზღვრეებმა შეცვალეს.

მოხსენებაში უსაფრთხოების პრობლემაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ გალში დაბრუნებული ქართველები ხშირ შემთხვევებში იქ მხოლოდ სახლების მოსავლელად (რაც ომს გადაურჩა) და მიწის დასამუშავებლად ჩადიოდნენ და დასაძინებლად ისევ ქართულ მხარეზე ბრუნდებოდნენ. მათი ყოფა კი განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც აფხაზური პასპორტები შემოიღეს, რადგან ვისაც ეს პასპორტი არ აქვს, შეუძლებელია, არათუ დასაქმდეს სახელმწიფო სექტორში ან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ მიიღოს საშუალო განათლების ატესტატი და განახორციელოს ქონებრივი გარიგებები. თუმცა აფხაზური პასპორტის გაცემის პროცედურაც დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს ეთნიკური ქართველებისათვის – ამბობს რეიჩელ დენბერი, “ჰიუმან რაითს ვოტჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე და დასძენს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს მოსახლეობის ყველა ჯგუფის უფლებები, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებაც, რაც ასევე მწვავედ დგას აფხაზეთის ქართული მოსახლეობისათვის. დღესდღეობით, ქართულ ენაზე სწავლება მხოლოდ ქვედა გალის 11 სკოლაშია შენარჩუნებული, განსაკუთრებით მძიმე ვითარება კი ზემო გალშია, სადაც ქართველმა ბავშვებმა არც რუსული იციან და ვერც ქართულ ენაზე აეხრხებენ განათლების მიღებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100