სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარული ტრადიციული მუსიკის კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

2016 წლის 10 ნოემბერს 16:00 საათზე ბათუმში, ბიბლუსი გალერეაში კრებულის "აჭარული ტრადიციული მუსიკა“ პრეზენტაცია გაიმართება. აჭარული ხალხური სიმღერისა და ცეკვის, როგორც ქართული მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთი ორიგინალური და მნიშვნელოვანი შენაკადის, ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, პროგრამის "ფოლკლორის ხელშეწყობა” ფარგლებში მომზადდა და გამოიცა 4 დისკისაგან შემდგარი ჩანაწერების კრებული - "აჭარული ტრადიციული მუსიკა“.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ფონდებში დაცული საექსპედიციო ჩანაწერები, შეიკრიბა ფოლკლორული ანსამბლების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული აჭარული ნიმუშები.

წარმოდგენილი მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ჩანაწერების კრებული მომზადდა და გამოიცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი ძალისხმევით.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლები, კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები, ლოტბარები, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ელესა“ და სხვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100