ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით მოეწყობა.

პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეს ოთხი ქართული ფილმის ასლი გადაეცემა:

· „ჰოლტზე“ - რეჟისორი ლეო ესაკია;

· „ამერიკანკა“ - რეჟისორი ლეო ესაკია ;

· „ბუბა“ - რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე;

· „უკანასკენლ საათს“ - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „გოსფილმოფონდის“ გენერალურ დირექტორთან, ნიკალაი ბოროდაჩევთან ერთად უმასპინძლებს.

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის - „გოსფილმოფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკალაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი - „გოსფილმოფონდი“ საქართველოს გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება.

„გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება.

კომენტარი