სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის სახელით `ახეული~ `მერსედეს-ბენცის~ ბიზნესი?!

„მერსედეს ბენცის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ძოწენიძე აცხადებს, რომ 2012 წელს მოიგო პროცესი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის და ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახელით წააგებინეს.

დავით ძოწენიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ საქმეს თავს შეაკლავს და სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

შპს `აკა~-ს, საქართველოში `მერსედეს-ბენცის~ ოფიციალური წარმომადგენლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით ძოწენიძე „ალიასთან“ ინტერვიუში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის წართმევასა და უკანონო სისტემურ ზეწოლაზე საუბრობს და მოქმედ და ყოფილ პრემიერებთან შეხვედრას ითხოვს.

მისი თქმით, საქმე ეხება დავით ძოწენიძისთვის შპს `აკა~-ში 20% წილის ჩამორთმევას. ბიზნესმენის თქმით, მისი უფლებების შელახვისა და საკუთრების ჩამორთმევის მიზეზი მაკა ასათიანის ოჯახთან ხელისუფლების მხრიდან დადებული ფარული გარიგებაა.

„ალიას“ ინფორმაციით, დავით ძოწენიძე 1992 წლიდან არის შპს `აკა~-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი და კომპანიის 20% წილის მფლობელია. წილის დანარჩენ 80%-ს კი ფლობენ მაკა ასათიანი და მისი ოჯახის წევრები, თუმცა, ბიზნესმენის თქმით, წლების წინათ ასათიანების ოჯახის მიერ მოხდა დოკუმენტაციის, კერძოდ კი, კრების ოქმის გაყალბება და მას უკანონოდ ჩამოერთვა საწარმოში არსებული წილი.

2007 წელს დავით ძოწენიძემ სამართლებრივი დავა დაიწყო. 5-წლიანი სასამართლო დავისა და ყველა ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ 2012 წელს ძოწენიძე კვლავ გახდა შპს `აკა~-ს მეწილე და მას კანონიერად დაუბრუნდა კუთვნილი 20%. თუმცა ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ 2013 წელს აღნიშნულ საქმეში ჩაერთო ხელისუფლება და პროკურატურის დახმარებით ხდებოდა მცდელობები, გამოძებნილიყო დასრულებული საქმის განახლების საბაბი.

2015 წელს ასათიანების ოჯახის განცხადების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მოახდინა საქმის წარმოების განახლება, მიზეზად კი ახლად აღმოჩენილი გარემოებები დასახელდა. ე.წ. ახალ გარემოებად იქნა მიჩნეული ის გაყალბებული ოქმი, რომლის შინაარსზეც მსჯელობა ჯერ კიდევ 2008 წელს, დავით ძოწენიძის მიერ სარჩელის აღძვრისთანავე დაიწყო, სამივე ინსტანციის სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა ამ გარემოებებზე და გადაწყვეტილება იყო გამოტანილი დავით ძოწენიძის სასარგებლოდ, შესაბამისად, ე.წ. ახალი გარემოებები მხოლოდ საქმის ხელახალი წარმოების საბაბი გახდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დავალებით, პროკურატურის მონაწილეობითა და ორგანიზებული სქემის შესაბამისად, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა არ გამოითხოვა პროკურატურიდან თითქოსდა ახლად აღმოჩენილი ოქმები იმ მიზეზით, რომ სასამართლოს არ შეემოწმებინა მათი ორიგინალობა, რადგან, კანონმდებლობის მიხედვით, ნოტარიულად დაუმოწმებელი ოქმები სასამართლოში ვერ შევიდოდა და ვერ გახდებოდა რაიმე გადაწყვეტილების საფუძველი. ასე უკანონოდ და ტენდენციურად 2016 წლის მარტში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, დააკმაყოფილა მაკა ასათიანის დედის, ლუიზა თავართქილაძის განცხადება და გააუქმა მის მიერვე მიღებული წინა გადაწყვეტილება, რითიც ძოწენიძეს ჩამოერთვა 20% წილი შპს `აკა~-ში.

დავით ძოწენიძე ვარაუდობს, რომ მის საკუთრებაში არსებული 20% წილი, ხელისუფლებამ მაკა ასათიანთან გარიგებისა და ასათიანის მიერ ტელეკომპანია `მაესტროს~ დათმობის სანაცვლოდ ჩამოართვა.

გაზეთიოს ცნობით, 2015 წლიდან დავით ძოწენიძის ყველა სარჩელი და საჩივარი პირველ ინსტანციაში მხოლოდ მოსამართლე ქოჩიაშვილს ეწერებოდა, სააპელაციო სასამართლოში კი მისი საქმე ერთი და იგივე კოლეგიაში _ ძაბუნიძე, ქირია, გოგიშვილთან ხვდება. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში მხარეთა შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სხვადასხვა საჩივარი სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობას ეწერებოდა. კითხვებზე: რატომ დაემთხვა დროში `მაესტროს~ სკანდალს `მერსედეს-ბენცის~ 20% მფლობელის საქმის შემოტრიალება, თანაც იმ მოსამართლის ხელით, ვინც თავის დროზე ძოწენიძეს 20%-იანი წილი აღუდგინა, ვის შეკვეთებს ასრულებს მოსამართლე ქოჩიაშვილი და დადგება თუ არა მისი დისციპლინარული სასჯელის საკითხი, ცხადია, ლოგიკური პასუხები არსებობს, რადგან ყველა გზა ხელისუფლების ეშელონებთან მიდის, საკუთარ თავს ხომ არ დაისჯის?! ზევით ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ასათიანების კაპრიზი დაეკმაყოფილებინა და საქართველოში `მერსედეს-ბენცის~ წარმომადგენლობა ძღვნად მიერთმია `მაესტროს~ დაუსრულებელი საქმის სანაცვლოდ, რაც 2016 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გაფორმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100